მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განცხადების შემდეგ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასის დაღმასვლა დაიწყო. როგორც ჩანს, ინვესტორები მილიარდერის „ამერიკის პარტიის“ მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი და მასკის პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ჩართვა აღიზიანებთ.
Tesla-ს აქციების ღირებულება დღეს, საფონდო ბირჟების გახსნამდე, 7%-ით არის შემცირებული. ექსპერტების შეფასებით, დაღმასვლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ესკალაციის შიშს უკავშირდება, რასაც დიდი ალბათობით პოლიტიკურ ასპარეზზე მასკის „ამერიკის პარტიის“ გამოჩენა გამოიწვევს. მით უფრო, რომ ტრამპმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მიერ ახალი პარტიის შექმნას უკვე უწოდა „სასაცილო“.
Wedbush-ის ანალიტიკოსების განცხადებით, მასკის გადაწყვეტილება, უფრო ღრმად ჩაერთოს პოლიტიკაში, სავარაუდოდ, კომპანიის აქციებზე დიდ გავლენას მოახდენს და ამაში უკვე დავრწმუნდით. „Tesla-ს მასკი სჭირდება, როგორც აღმასრულებელი დირექტორი და მისი უდიდესი აქტივი და კვლავ პოლიტიკის გზით არ უნდა წავიდეს, – აღნიშნავენ Wedbush-ში. „ასევე არ გაგვიკვირდება, თუ Tesla-ს დირექტორთა საბჭო პროცესში ჩაერთვება, იმის მიხედვით, თუ რამდენად შორს წავა მასკი ამ პოლიტიკური წამოწყებით“.
ილონ მასკმა ახალი პარტიის შექმნის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ტრამპის მხარდაჭერილი საბიუჯეტო და საგადასახადო რეფორმების კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა. კანონპროექტს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. მასკი, რომელიც კანონპროექტს „გულისამრევ საშინელებას“ უწოდებს, მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს სულ მცირე $3.3 ტრილიონით გაზრდის.
უცნობია, დაარეგისტრირა თუ არა ოფიციალურად მილიარდერმა „ამერიკული პარტია“, რადგან პოლიტიკური პარტიის ჩანაწერები ფედერალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ ეტაპისთვის არ იძებნება.