ტრამპი, მომდევნო თვიდან, კანადიდან იმპორტზე 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

ტრამპი, მომდევნო თვიდან, კანადიდან იმპორტზე 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მომდევნო თვეში, კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 35%-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, ტრამპი აშშ-ის სხვა სავაჭრო პარტნიორების პროდუქციაზე 15-20%-იანი საყოველთაო ტარიფების დაწესებას განიხილავს.

სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ წერილში, ტრამპი კანადის პრემიერ მარკ კარნის მიმართავს და ახალი ტარიფების პირველი აგვისტოდან ამოქმედების შესახებ აფრთხილებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კანადის მხრიდან საპასუხო ტარიფების დაწესების შემთხვევაში, იმპორტზე საგადასახადო განაკვეთი კიდევ უფრო გაიზრდება.

ტრამპი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აშშ-ის საზღვართან შექმნილ ფენტალინის კრიზისს ასახელებს, რაშიც ნაწილობრივ კანადის მთავრობას ადანაშაულებს. „იმ შემთხვევაში, თუ კანადა ჩემთან ფენტანილის შემოდინების შეჩერებაზე იმუშავებს, შესაძლოა ამ წერილის კორექტირებაც განვიხილოთ“, – აცხადებს ტრამპი.

ფენტანილის კრიზისთან ერთად, ტრამპი ყურადღებას აშშ-სთან კანადის არასამართლიან სავაჭრო ურთიერთობებზე ამახვილებს, რაც, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ამერიკელ ფერმერებს,  ასევე კანადასთან არსებულ სავაჭრო დეფიციტს, რაც საფრთხეს ამერიკის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის.

ამ დრომდე, აშშ-ს კანადისთვის გარკვეულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები ჰქონდა დაწესებული, კანადის პრემიერი კი ვაშინგტონთან სავაჭრო პაქტის დადებაზე მუშაობდა. კარნიმ განცხადება სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კანადის მთავრობის პრიორიტეტს, აშშ-სთან მოლაპარაკებების დროსაც, მათი მუშახელისა და ბიზნესის დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ განცხადებაში კარნი ფენტანილის კრისიზისსაც გამოეხმაურა:

„კანადამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკაში ფენტანილის გავრცელების შესაჩერებლად. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავიცვათ მოსახლეობა ჩვენს ორივე ქვეყანაში“.