აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ ინდურ პროდუქციას დამატებით 25%-იანი ტარიფი დაუწესა, რის მიზეზადაც ნიუ-დელის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის გაგრძელების გადაწყვეტილებას ასახელებს. ახალი საიმპორტო გადასახადი ძალაში 21 დღეში შევა, რის შემდეგაც ინდოეთიდან აშშ-ში ექსპორტირებული ნაწარმის უმეტესობას 50%-იანი ტარიფები დაუწესდება.
აღსანიშნავია, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სავაჭრო პარტნიორებისთვის დაწესებულ საიმპორტო გადასახადებს შორის ყველაზე მაღალი ტარიფია. შედარებისათვის, 1-ელ აგვისტოს ამოქმედებული საპასუხო ტარიფების სიაში ყველაზე დიდი გადასახადი სირიას დაეკისრა და ის 41%-ით განისაზღვრა.
საინტერესოა, რომ ინდოეთის მსგავსად რუსულ ნავთობს დიდი მოცულობით ყიდულობს ჩინეთიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთისთვის იმავე მიზეზით ტარიფები ჯერ არ დაწესებულა, ტრამპმა აღნიშნა, რომ მომავალში შესაძლოა იგივე ზომები ამ ქვეყნის წინააღმდეგაც მიიღოს. „ეს შესაძლოა მოხდეს… ჯერ ვერ გეტყვით. ჩვენ ეს გავაკეთეთ ინდოეთისთვის და გავაკეთებთ სხვა ქვეყნებისთვისაც. ერთ-ერთი შესაძლოა, ჩინეთიც იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.
ფინანსური ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-სა და ინდოეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები სერიოზულ დაღმასვლას განიცდის. მათი განმარტებით, ტარიფები ინდოეთის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე წვდომას შეუშლის ხელს. ცნობისთვის, 2024 წელს ინდოეთიდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ $87 მილიარდი შეადგინა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსი $190 მილიარდია.
ინდოეთი აშშ-ში ისეთი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს, როგორიცაა: სმარტფონები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ქვები, სამედიცინო პროდუქტები, მედიკამენტები და სხვა.