ირანის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული განცხადებებით, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტრამპის მიერ ინიციირებული სპეციალური კორიდორის გახსნას შესაძლოა პრობლემები შეექმნას. ირანელი ოფიციალური პირების მიერ სამშვიდობო ინიციატივის მიმართ გაჟღერებული მუქარა რამდენიმე ირანულმა სახელმწიფო სააგენტომ გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-შეთანხმება გააფორმა, რომელიც ზანგეზურის დერეფნის გახსნას ითვალისწინებს. სომხეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში არსებული კორიდორი აზერბაიჯანს საკუთარ ანკლავთან, ნახიჩევანის რეგიონთან დააკავშირებს. აღნიშნული სატვირთო დერეფნის გახსნის საკითხი წლების განმავლობაში მხარეების მიერ წინააღმდეგობრივი პოზიციების გამო გადაუწყვეტელი რჩებოდა. ტრამპის ჩართულობით კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დერეფნის უსაფრთხოდ გახსნას ითვალისწინებს. დერეფნის ოპერირებაზე ექსკლუზიური უფლება შეერთებულ შტატებსა და ამერიკულ კომპანიებს ექნებათ.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩევლის, ალი აქბარ ველაიათის განცხადება სწორედ აღნიშნული კორიდორის პოტენციურ ბლოკირებას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ირანელ ოფიციალურ პირებს კონკრეტული გეგმა არ წარუდგენიათ, მათი განცხადებები დერეფნის ბლოკირებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მხრივ კითხვებს ბადებს. ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ირანის ჩრდილო-დასავლეთით ჩატარებული სამხედრო წვრთნები კიდევ ერთხელ მომწმობს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა გეოპოლიტიკური ცვლილებების პრევენცია დროულად მოახდინოს. „ეს კორიდორი ტრამპის საკუთრებაში მყოფი გასასვლელი კი არ იქნება, ტრამპის დაქირავებული მეომრების სასაფლაოდ გადაიქცევა“, – განაცხადა მან.
თუმცა საინტერესოა, რომ მსგავს განცხადებებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორ მხარეს შორის გაფორმებულ შეთანხმებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება რეგიონული მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში ისიც განმარტა, რომ უცხო ქვეყნის ჩარევა მის საზღვრებთან არ უნდა მომხდარიყო, რაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნიდა.