აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პარასკევს დაგეგმილ შეხვედრამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ომი „რუსეთმა მოიგო“.
„ჩვენ ახლა ისე ვსაუბრობთ, თითქოს ეს გაურკვეველი შედეგის საომარი სიტუაცია იყოს. თუმცა ასე არ არის. უკრაინელებმა ომი წააგეს. რუსეთმა ეს ომი მოიგო“, – განაცხადა ორბანმა YouTube-არხ „პატრიოტთან“ ინტერვიუში. „ერთადერთი კითხვა არის ის, თუ როდის და რა ვითარებაში აღიარებს დასავლეთი, რომელიც უკრაინელების მხარეს დგას, რომ ეს მოხდა და რა შედეგი მოჰყვება ამას“, – დასძინა უნგრეთის პრემიერმა.
უნგრეთმა, რომელიც ენერგიის უმეტეს ნაწილს რუსეთიდან იღებს, უკრაინისთვის იარაღის გაგზავნაზე უარი განაცხადა. ორბანი ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამბობს, რომ ეს უნგრელ ფერმერებსა და გლობალურ ეკონომიკას მეტ გაურკვევლობას მოუტანს.
უნგრეთი აშშ-რუსეთის შეხვედრამდე ევროკავშირის ერთობლივ, უკრაინის მხარდამჭერ განცხადებასაც გაემიჯნა, რომლის თანახმად, უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტოს. როგორც ორბანმა განმარტა, ეს განცხადება ევროპას „სასაცილოდ და საცოდავად“ წარმოაჩენს, რადგან ეს არის ევროკავშირის მხრიდან მცდელობა, დაადგინოს პირობები შეხვედრისთვის, რომელზეც ორგანიზაციის ლიდერები არ მიუწვევიათ.