ალასკის სამიტზე რუსეთის წარმომადგენლობა და დღის წესრიგი ცნობილია

ალასკის სამიტზე რუსეთის წარმომადგენლობა და დღის წესრიგი ცნობილია

დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა ალასკაზე, 15 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დილის 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათზე) შედგება. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, სამიტის დაწყებამდე პრეზიდენტები პირისპირ, თარჯიმნების თანხლებით ისაუბრებენ.

ალასკაზე დაგეგმილი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, პუტინსა და ტრამპს შორის პირველი პირისპირი შეხვედრა იქნება. ალასკაზე ვიზიტისას პუტინს თან დელეგაცია ახლავს, რომელთა შორისაც უშაკოვის ინფორმაციით არიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი და თავად პუტინის თანაშემწე უშაკოვი.

სამიტის დაწყებამდე უშაკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებსა და მთავარ განსახილველ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ცნობილი ხდება, შეხვედრა ქალაქ ანკორიჯის მახლობლად, აშშ-ის ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე შედგება. შეთანხმებულია სამიტის პროგრამაც. დისკუსიებს სამუშაო საუზმე მოჰყვება და მათი ხანგრძლივობა საუბრის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. პუტინის თანაშემწის თქმით, კრემლისთვის „ალასკაში საბჭოთა პილოტების საფლავებთან ახლოს“ შეხვედრის გამართვა სიმბოლურია.

ფართო ფორმატში მოლაპარაკებები „ხუთი-ხუთზე“ სტრუქტურით წარიმართება. დასრულების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. უშაკოვის თქმით, ამერიკულმა მხარემ დელეგაციის სიაზე მუშაობა დაასრულა, რომელსაც ვაშინგტონი გამოაქვეყნებს. რუსული დელეგაცია, სავარაუდოდ, სამიტის დასრულებისთანავე მოსკოვში გაემგზავრება.

სამიტის ცენტრალური თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება, თუმცა, უშაკოვის ინფორმაციით, მხარეები  ეკონომიკურ თანამშრომლობასა და გლობალურ უსაფრთხოებასაც განიხილავენ. პუტინის თანაშემწის თქმით, რუსეთი აშშ-რუსეთის სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებში გამოუყენებელ პოტენციალს ხედავს.

ცნობისთვის, ალასკაში დაგეგმილი შეხვედრა პირველი შემთხვევაა 2007 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას შტატებში პირისპირ მოლაპარაკებებზე იწვევს. თავად ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტობისას პუტინს ექვსჯერ შეხვდა.

15 აგვისტოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიწვეული არაა. ტრამპის განცხადებით, ეს სამიტი შესაძლოა წინაპირობად იქცეს მეორე შეხვედრისთვის, რომელშიც ზელენსკიც ჩართული იქნება.