რა ვიცით ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილ შეხვედრაზე?

რა ვიცით ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილ შეხვედრაზე?

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ალასკაში დაგეგმილი სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დილის 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათზე) შედგება. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, სამიტის დაწყებამდე პრეზიდენტები პირისპირ, თარჯიმნების თანხლებით ისაუბრებენ.

ალასკის სამიტამდე ერთი დღით ადრე კრემლმა შეხვედრის შესახებ რიგი დეტალები გაასაჯაროვა. უშაკოვის განცხადებით, შეხვედრა ქალაქ ანკორიჯის მახლობლად, აშშ-ის ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე შედგება. დისკუსიებს სამუშაო საუზმე მოჰყვება და მათი ხანგრძლივობა საუბრის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ხოლო ფართო ფორმატში მოლაპარაკებები „ხუთი-ხუთზე“-სტრუქტურით წარიმართება. რუსეთის დელეგაციაში იქნებიან: ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი და თავად პუტინის თანაშემწე უშაკოვი.

ამერიკულ მხარეს ალასკის სამიტზე თავისი დელეგაციის ოფიციალური შემადგენლობა არ გაუსაჯაროებია. თუმცა, უშაკოვის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა სია უკვე შეთანხმებულია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის დელეგაციაში არ შედის პუტინის კიდევ ერთი თანაშემწე – ვლადიმირ მედინსკი, რომელიც სტამბოლში უკრაინასთან პირისპირ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა. მედინსკი მოსკოვის დელეგაციას 2022 წლის მარტში, სტამბოლში, მოლაპარაკებების პირველ მცდელობაზეც ახლდა. არსებული შეფასებებით, სამიტზე მისი არყოფნა შესაძლოა ერთგვარი მინიშნება იყოს რუსეთისგან, რომ მას უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკების სურვილი არა აქვს.

უშაკოვის განცხადებით, სამიტის ცენტრალური თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება, თუმცა მხარეები ეკონომიკურ თანამშრომლობასა და გლობალურ უსაფრთხოებასაც განიხილავენ. მისივე თქმით, კრემლისთვის „ალასკაში საბჭოთა პილოტების საფლავებთან ახლოს“ შეხვედრის გამართვა სიმბოლურია.

უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების ცენტრს აქვს ინფორმაცია, რომ პუტინი, ტრამპთან შეხვედრისთვის, გარკვეულ ფსევდოისტორიულ მასალებს ამზადებს. ეს შესაძლოა იყოს გეოგრაფიული რუკები, რომელთა მიზანიცაა დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ უკრაინა „ხელოვნური სახელმწიფოა“, რომელიც სხვა ქვეყნების ტერიტორიების ხარჯზე ჩამოყალიბდა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული არგუმენტი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გასამართლებლად წარსულშიც არაერთხელ გამოიყენა.

აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ალასკის სამიტზე ამჯერად არც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები არ არიან მიწვეულნი. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ტრამპმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სამიტი შესაძლოა წინაპირობად იქცეს მეორე შეხვედრისთვის, რომელიც პუტინსა და ზელენსკის შორის გაიმართება.

„მეორე შეხვედრა იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირველი კარგად ჩაივლის“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას ურჩევნია, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მეორე შეხვედრა „დაუყოვნებლივ“ გაიმართოს. ტრამპმა რუსეთი მძიმე შედეგების შესახებაც გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ სამიტზე მოსკოვის მზადყოფნას უკრაინის ომის დასრულებაზე ვერ დაინახავს.

კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ შეუძლია პუტინი დაარწმუნოს, შეწყვიტოს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, პასუხი არის არა, რადგან მე ეს საუბარი [პუტინთან] უკვე მქონდა“.

სამიტზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის ცენტრალური თემა ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტა იქნება. „აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა. „მან შემომთავაზა ალასკის შეხვედრის შემდეგ გასაუბრება, ყველა შედეგის განხილვა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ოთხშაბათს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი ლონდონში გაემგზავრა, სადაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერს, კირ სტარმერს ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დისკუსია კიევის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებს შეეხო, იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები რუსეთზე ზეწოლით მის „ნამდვილ, არსებით დიპლომატიაში“ ჩართვას მოახერხებს.

ბერლინში ყოფნისას პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს ზელენსკი ვირტუალური ფორმატის შეხვედრაზეც გაესაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი და სხვა ლიდერები გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ფინეთიდან. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ტრამპი აშკარად აფიქსირებდა აშშ-ის პოზიციას უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე.

სწორედ აღნიშნულის შემდეგ ისაუბრა ტრამპმა მეორე შეხვედრის შესაძლებლობაზეც, ხოლო ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან ვიდეოზარი „მეგობრულად“ შეაფასა. ტრამპის თქმით, პუტინთან პირველი შეხვედრის მიზანი ვითარების გარკვევაა, მეორე რაუნდი კი ბევრად პროდუქტიული იქნება.