Nike-ის თანადამფუძნებელმა ფილ ნაიტმა ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (OHSU) ონკოლოგიის ინსტიტუტისთვის $2 მილიარდი გაიღო. ნაიტის ქველმოქმედება აშშ-ის უნივერსიტეტებისთვის გაღებული ყველაზე მასშტაბური შეწირულებაა.
უნივერსიტეტისთვის ფილ ნაიტის შეწირულების გადაცემის პროცესს OHSU-ს ონკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ბრაიან დრუკერი გაუწევს ზედამხედველობას. დრუკერი Gleevec-ის – ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის (ძვლის ტვინის სიმსივნის) მკურნალობის სტანდარტული მიდგომის შემცვლელი აპარატის შემქმნელი გუნდის ხელმძღვანელიც იყო.
დრუკერის განცხადებით, ნაიტის შეწირულების მიზანი კიბოს მკურნალობის მოდელის გაუმჯობესებაა, რომელიც მოიცავს დაჩქარებულ დიაგნოსტიკას, კლინიკურ კვლევებზე გაზრდილ წვდომასა და პაციენტების უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფას. დრუკერის თქმით, ყველა პაციენტს ექნება წვდომა საჭირო დამხმარე, მათ შორის კვებით რესურსებზე, ასევე დამატებით თერაპიებსა და ფსიქოლოგიურ და ფინანსურ კონსულტაციაზე.
ამერიკელმა ბიზნესმენმა ფილ ნაიტმა Blue Ribbon Sports-ი, Nike-ის წინამორბედი, 1964 წელს ბილ ბოუერმენთან ერთად დააარსა. 87 წლის ნაიტმა, რომელიც Forbes-ის შეფასებით $35.4 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს, Nike-ის თავმჯდომარის პოსტი 2016 წელს დატოვა.
ცნობისთვის, ნაიტის შეწირულება აშშ-ის უნივერსიტეტების ისტორიაში უმსხვილესია. აღნიშნული დაფინანსებით, Nike-ის დამფუძნებელმა მაიკლ ბლუმბერგის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 2018 წელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტისთვის $1.8 მილიარდი გაიღო.