ინდოეთის მთავრობა ფულადი ონლაინთამაშების აკრძალვას გეგმავს

ინდოეთის მთავრობა ფულადი ონლაინთამაშების აკრძალვას გეგმავს

ინდოეთის მთავრობა ფულადი ონლაინთამაშების აკრძალვას გეგმავს, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ინდუსტრიისთვის, რომელმაც მილიარდობით დოლარის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა. მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეიმუშავა.

ონლაინთამაშების ხელშეწყობისა და რეგულირების შესახებ 2025 წლის კანონპროექტში აკრძალვის მიზეზად ადამიანებში მსგავსი ტიპის თამაშებით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ფინანსური ზიანი სახელდება. კანონპროექტის თანახმად, არცერთ პირს არა აქვს უფლება, წაახალისოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ფულად ონლაინთამაშებსა და სერვისებს. კანონპროექტის პირობებით, ფულადი თამაშების წამახალისებლებისთვის შესაძლოა სასჯელის ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა განისაზღვროს.

ინდოეთის მთავრობის შემუშავებული 13-გვერდიანი კანონპროექტი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ფულად ონლაინთამაშს განმარტავს, როგორც თამაშების სახეობას, რომელიც ფულად შენატანს საჭიროებს – ფინანსური ან სხვა ტიპის მოგების მოლოდინით.

ინდოეთის ფულადი სათამაშო აპლიკაციების მიმართ ინვესტორების ინტერესი წამყვანი ადგილობრივი კრიკეტისტების მხარდაჭერამ და სხვა მარკეტინგულმა ძალისხმევამ გაზარდა. ვენჩურული კაპიტალის ფირმა Lumikai-ის მონაცემებით, ინდოეთის ფულადი ონლაინთამაშების ბაზარი 2029 წლისთვის $3.6 მილიარდს მიაღწევს.

ინდოეთში განსაკუთრებით პოპულარული თამაშის ავტორები სტარტაპები Dream11 და Mobile Premier League-ი არიან. PitchBook-ის მონაცემებით, Dream11-ის ღირებულება – $8 მილიარდს, ხოლო Mobile Premier League-ისა $2.5 მილიარდს შეადგენს.