2024 წელს სახელმწიფოების მიერ ბირთვულ შეიარაღებაზე გაწეული ხარჯები 11%-ით გაიზარდა და 100 მილიარდ დოლარს პირველად გადააჭარბა. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, გასულ წელს ბირთვულ არსენალზე საშუალოდ წუთში 190,151 დოლარი იხარჯებოდა.
ბირთვულ იარაღზე ყველაზე მეტი თანხა 2024 წელსაც აშშ-მა დახარჯა — 56.8 მილიარდი დოლარი, რაც ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფოთა მთლიანი ხარჯების ნახევარზე მეტია. მეორე ადგილზე 12.5 მილიარდი დოლარით ჩინეთია, მესამე ადგილზე კი დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ბირთვული იარაღისთვის გასულ წელს 10.4 მილიარდი დოლარი დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში ბირთვულ შეიარაღებაზე ხარჯების წლიური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. ბრიტანეთმა დანახარჯები 26%-ით გაზარდა. ზრდის მიხედვით მეორე ადგილზე პაკისტანია, სადაც გასულ წელს ხარჯები 18%-ით გაიზარდა. ამის შემდეგ კი მოდის საფრანგეთი, წლიური ზრდის 13%-იანი მაჩვენებლით.
ICAN-ის ანგარიშის მიხედვით, 2020-2024 წლებში ბირთვული იარაღის მქონე 9 ქვეყანამ ბირთვულ არსენალებზე ჯამში $415.9 მილიარდი დახარჯა. მხოლოდ 2019-2023 წლებში ხარჯები 34%-ით გაიზარდა. ეს მიუთითებს, რომ ბირთვული შეიარაღება, გლობალური უსაფრთხოების რისკების მიუხედავად, სამხედრო და პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება.
2024 წელს ქვეყნების მიერ ბირთვულ შეიარაღებაზე გაწეული ხარჯები:
ქვეყანა | ხარჯები (მლრდ $) | ცვლილება წინა წელთან (%) |
---|---|---|
აშშ | 56.8 | +10% |
ჩინეთი | 12.5 | +8% |
დიდი ბრიტანეთი | 10.4 | +26% |
რუსეთი | 8.1 | +6% |
საფრანგეთი | 6.9 | +13% |
ინდოეთი | 2.6 | +3% |
ისრაელი | 1.1 | +2% |
პაკისტანი | 1.1 | +18% |
ჩრდილოეთი კორეა | 0.6 | +7% |
წყარო: International Campaign to Abolish Nuclear Weapons (ICAN)