თეთრი სახლი: TikTok-ის ალგორითმი და დირექტორთა საბჭო აშშ-ის მიერ გაკონტროლდება

თეთრი სახლი: TikTok-ის ალგორითმი და დირექტორთა საბჭო აშშ-ის მიერ გაკონტროლდება

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა, განაცხადა, რომ ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ში TikTok-ის ალგორითმი და დირექტორთა საბჭო „ამერიკის მიერ იქნება გაკონტროლებული“. მისი განმარტებით, ByteDance-ის TikTok-ის ამერიკულ ბიზნესში დირექტორთა საბჭოში შვიდი ადგილიდან ექვსს ამერიკელები დაიკავებენ, რომლებიც ასევე პლატფორმის ალგორითმს გააკონტროლებენ.

კეროლაინ ლევიტის ინფორმაციით, TikTok-ის „მონაცემებისა და კონფიდენციალურობის“ მიმართულებას ამერიკელი მილიარდერის, ლარი ელისონის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების კომპანია Oracle-ი უხელმძღვანელებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხმარებელთა მონაცემებს Oracle-ი ტეხასში მდებარე საკუთარი ობიექტებიდან გააკონტროლებს, ასევე ის იქნებოდა საინვესტიციო კონსორციუმში, რომელიც TikTok-ის საკონტროლო პაკეტს მიიღებდა.

ლევიტის თქმით, TikTok-თან დაკავშირებით ჩინურ და ამერიკულ მხარეს შორის შეთანხმებას ხელი „უახლოეს დღეებში“ მოეწერება.

ჩინეთთან TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებზე ჩარჩო-შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირაში განაცხადა, როდესაც მადრიდში, აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციებს შორის გამართული 2-დღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. მოგვიანებით ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც TikTok-ის გაყიდვის ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 16 დეკემბრამდე გადაიდო.

TikTok-ის საკითხი პრეზიდენტმა ტრამპმა პარასკევს, თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილა და განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტისგან შეთანხმებაზე დასტური მიიღო.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვის ან გაყიდვის კანონპროექტს ხელი 2024 წლის 24 აპრილს მოაწერა. ამერიკელი კანონმდებლების მტკიცებით, სოციალური ქსელი, ჩინეთის მთავრობასთან პოტენციური კავშირის გამო, აშშ-ისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს.