ოთხმა დასავლურმა სახელმწიფომ – დიდმა ბრიტანეთამა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ – პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა. აღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილებას ლიდერები ღაზის სექტორში ომის დამთავრების სურვილითა და ორი სახელმწიფოს იდეის წახალისებით ხსნიან.
ტრადიციულად, აღნიშნული ოთხი სახელმწიფო ისრაელის პარტნიორია. მიუხედავად ამისა, ისინი იმ 140-ზე მეტი სახელმწიფოს რიგს შეუერთდნენ, რომლებიც პალესტინისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას უჭერენ მხარს.
„დღეს, იმისათვის, რათა გავაცოცხლოთ იმედი პალესტინელებისა და ისრაელელების მშვიდობისათვის და ნაბიჯი გადავდგათ „ორი სახელმწიფოს იდეისაკენ“, გაერთიანებული სამეფო ფორმალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. „ადამიანის ხელით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში უფრო გაღრმავდა. ისრაელის მთავრობის მიერ ღაზის სექტორის დაუნდობელი და სულ უფრო ხშირი დაბომბვა, ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებული შეტევა, შიმშილი და განადგურება სრულიად მიუღებელია“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, იგივე გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთიც გეგმავს.
ოთხი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ეს ნაბიჯი მკაცრად დაგმო. „მე მაქვს მკაფიო მესიჯი იმ ქვეყნების ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფოებრიიობას აღიარებენ: თქვენ ამით ტერორიზმს აჯილდოვებთ. და მე კიდევ ერთი მესიჯი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება. მდინარე იორდანეს დასავლეთით პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
სანაცვლოდ, ოთხი სახელმწიფოს მხრიდან პალესტინის აღიარებას დადებითად გამოეხმაურა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ღაზაში ომის დასასრულებლად და ისრაელის მხრიდან „დასავლეთ სანაპიროს“ ანექსიისგან პრევენციისათვის პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.
პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, აღიარება გზას გაუკვალავს პალესტინის სახელმწიფოს, იცხოვროს ისრაელის სახელმწიფოს გვერდით უსაფრთხოებაში, მშვიდობასა და კეთილმეზობლობაში.