შოპინგის ახალი განზომილება

შოპინგის ახალი განზომილება
თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელსაც 30,000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ახალი სივრცე მომხმარებლებს საერთაშორისო პრემიუმ-ბრენდებით, გასართობი და გასტრონომიული ზონებით უნიკალურ შოპინგ-გამოცდილებას ჰპირდება. „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე მისი დირექტორი, ნათია ჩიტაია გვესაუბრა.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

ნათია, პირველ რიგში, გილოცავთ „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნას. გვითხარით, რას მოიცავს პროექტი?

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ კავკასიის რეგიონში უპრეცედენტო პროექტია. ეს არა მხოლოდ სავაჭრო სივრცე, არამედ – გამოცდილებაა, რომელიც შოპინგს, არქიტექტურას, გარემოსა და სერვისს აერთიანებს.

პროექტი ევროპული აუთლეტ ვილიჯების კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა, თუმცა ადგილობრივ კონტექსტზეა მორგებული. ტრადიციული მოლებისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი ღიაა, მთავარი განსხვავება კი აუთლეტურ ფასებშია. აქ სტუმარი თავს იგრძნობს როგორც პატარა ევროპულ ქალაქში, სადაც შეუძლია არა მხოლოდ შეიძინოს, არამედ დროც გაატაროს.

როგორ გარდაქმნის ეს სივრცე მომხმარებლების შოპინგ-გამოცდილებას?

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ მომხმარებელს აბსოლუტურად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ჩვენ არ ვცდილობთ, დავიკავოთ მოლის ადგილი – ჩვენი მიდგომა სრულიად განსხვავებულია. აქ მომხმარებელი მოდის არა მხოლოდ კონკრეტულად საყიდლებზე, არამედ გამოცდილებისთვის. ეს არის ღია სივრცე, ლამაზი არქიტექტურით, ოჯახისთვის, გასართობად და შოპინგისთვის ერთდროულად. სწორედ ეს განასხვავებს „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ მოლებისგან და ქმნის მის კონკურენტულ უპირატესობას.

რა კრიტერიუმებით შეირჩა „თბილისი აუთლეტ ვილიჯში წარმოდგენილი ბრენდები? რომელ ექსკლუზიურ ბრენდებს შევხვდებით აქ?

ჩვენთვის გადამწყვეტი იყო ბრენდის ცნობადობა, მისი შესაბამისობა აუთლეტ სივრცის ხარისხთან და მომხმარებლის მოლოდინთან. გრძელვადიან სტრატეგიაში გათვლილია როგორც პრემიუმ-, ასევე ლუქს-ბრენდების თანამიმდევრული მოზიდვა.

მნიშვნელოვანია, რომ სივრცეში იყოს ბალანსი სხვადასხვა კატეგორიასა და ფასობრივ სეგმენტს შორის, რათა ყველა მომხმარებელმა იპოვოს თავისი არჩევანი. ძალიან ფრთხილად და სტრატეგიულად შევარჩიეთ ბრენდები, რათა შეგვექმნა დაბალანსებული და მრავალფეროვანი ბრენდ-მიქსი საერთაშორისო მოდის, სპორტული და საბავშვო პროდუქციის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, კოსმეტიკისა და თავის მოვლის მიმართულებით.

ჩვენთან ექსკლუზიურად შემოდის ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Bimba Y Lola, Adolfo Dominguez-ი, Bickembergs-ი, Baldesarini და სხვა. ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და მომხმარებლებს ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით.

რამდენად რთული იყო ისეთი ბრენდების საქართველოში მოზიდვა, რომლებიც აქამდე არ ყოფილან წარმოდგენილი?

მარტივი ნამდვილად არ ყოფილა – ახალი ბაზარი, ახალი პროექტი ყოველთვის აჩენს დამატებით კითხვებს. თუმცა პროექტის ხარისხი, ხედვა და მიზანი მოლაპარაკებისა და მათი დარწმუნების პროცესში ჩვენს წარმატებას განაპირობებდა. გუნდის უშუალო კომუნიკაცია ბრენდებთან, სწორი პოზიციონირება და მყარი არგუმენტაცია გახდა საფუძველი, რამაც ჩვენს წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მსგავსი ბრენდების ფონზე, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება „თბილისი აუთლეტ ვილიჯში წარმოდგენილი პროდუქცია?

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ არის პრემიუმ-კლასის აუთლეტი და სწორედ ეს განსაზღვრავს მის უნიკალურობას. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ საერთაშორისო პრემიუმ-ბრენდებს მუდმივი ფასდაკლებებით, მინიმუმ 30%-იანი ფასთა სხვაობით, რაც ხარისხიან პროდუქტს ხელმისაწვდომს ხდის უფრო მეტი მომხმარებლისთვის.

ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ადგილი, სადაც ყველა სტუმარს აქვს შანსი, საკუთარი ბიუჯეტიდან გამომდინარე, პრემიუმ-შოპინგის გამოცდილება განიცადოს და შეიძინოს მაღალი ხარისხის პროდუქცია უკეთეს ფასად.

შოპინგის გარდა, რა გასართობი ან კულტურული ელემენტები შესთავაზეთ სტუმრებს, რომ მათი გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი იყოს?

როგორც უკვე აღვნიშნე, „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ არ არის მხოლოდ სავაჭრო სივრცე. ჩვენი მიზანია, ეს ადგილი ასოცირდებოდეს დროის კარგად გატარებასთან, მაღალ სერვისთან და სასიამოვნო გამოცდილებასთან. ჩვენი მარკეტინგული კალენდარი აერთიანებს მრავალფეროვან აქტივობებს, რათა სტუმრებს შევთავაზოთ რაღაც მეტი, ვიდრე მხოლოდ შოპინგია: თემატური ფესტივალები, ღონისძიებები ლაივ-მუსიკით, საბავშვო შოუები, მასშტაბური კამპანიები განსაკუთრებული შეთავაზებებით, საშობაო ბაზარი და სხვა.

რა ეკონომიკურ ეფექტს ელით? – სამუშაო ადგილები, ტურიზმის ზრდა, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა…

ჩვენ ვთავაზობთ ბრენდებს გაყიდვების საუკეთესო პლატფორმას, მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების შექმნის შესაძლებლობას და გრძელვადიან პერსპექტივას. დიდია დასაქმების პოტენციალი. უკვე შექმნილია ასობით სამუშაო ადგილი და ბრენდების გახსნასთან ერთად, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ აუთლეტი უკვე იქცა ტურისტების ერთ-ერთ მთავარ მიზნობრივ წერტილად და ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ტურიზმის ეროვნულ ასოციაციასთან, სასტუმროებთან და ტუროპერატორებთან. ჩვენ გვჯერა, რომ TOV გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მომხმარებელზე, არამედ მთლიანად სექტორის განვითარებაზე, ბაზრის ზრდასა და საქართველოს ეკონომიკურ პოზიციონირებაზე.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ რეგიონის შოპინგ-ცენტრად ჩამოყალიბებას? როგორია თქვენი სტრატეგია ამის მისაღწევად?

ჩვენი მიზანია, „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ გახდეს მთავარი შოპინგ-ცენტრი რეგიონში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და ამის მისაღწევად დეტალურად გაწერილი სტრატეგია გვაქვს. ვმუშაობთ ტუროპერატორებთან არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ქალაქის ცენტრიდან ტურისტებს და ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, აუთლეტში კომფორტულად მოვიდეს, დროთა განმავლობაში კი ახალ ლოკაციებს დავამატებთ.

ბოლოს, სივრცე სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, თუმცა როგორია პირველი შეფასებები?

„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნის პირველმა დღეებმა მოლოდინს გადააჭარბა – 30,000-ზე მეტი ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ჩვენი გუნდისთვის და იმ ბრენდებისთვის, რომლებიც პირველ ტალღაში ჩვენთან ერთად გაიხსნა, უდიდესი მოტივაციაა. ბევრმა ბრენდმა სულ მალე იგრძნო ეფექტი, უმეტეს მათგანს უკვე მეორე დღესვე მოუწია გაყიდული მარაგების შევსება.

თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს არ იყო ერთდღიანი პროცესი. ეს მხოლოდ დასაწყისია განვითარების პროცესის, რომელიც გაგრძელდება და აუთლეტი ეტაპობრივად შეივსება. რა თქმა უნდა, იყო სასარგებლო რჩევებიც, თუმცა ჩვენ ვიღებთ კონსტრუქციულ კრიტიკასაც, როგორც პროცესის ბუნებრივ ნაწილს და შანსს, რომ ყოველდღე გავიზარდოთ და სვლა სწორი გზით განვაგრძოთ.