შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში 2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. პრესტიჟული ჯილდო სამ მეცნიერს – ბრიტანელ ჯონ კლარკს, ფრანგ მიშელ დევორესა და ამერიკელ ჯონ მარტინისს გადაეცათ, „ელექტრულ წრედში მაკროსკოპული კვანტურ-მექანიკური ტუნელირებისა და ენერგიის დაკვანტვის აღმოჩენისთვის“.
მეცნიერებმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს, რათა ეჩვენებინათ, რომ კვანტური სამყაროს უჩვეულო თვისებები შეიძლება თვალსაჩინოდ გამოიხატოს ისეთ სისტემაში, რომელიც ხელში ეტევა. მათ მიერ შექმნილი ზეგამტარი ელექტრული სისტემის ნაწილაკებს შეეძლო ერთ მდგომარეობიდან მეორეში ტუნელირების საშუალებით გადასვლა – ისე, თითქოს ბარიერს პირდაპირ გადიოდა.
გარდა ამისა, მათ აჩვენეს, რომ აღნიშნული სისტემა ენერგიას შთანთქავდა და გამოყოფდა განსაზღვრული ოდენობით, ზუსტად ისე, როგორც ამას კვანტური მექანიკა პროგნოზირებდა.
მეცნიერთა ეს მიღწევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება კვანტური ფენომენები გამოყენებულ იქნას პრაქტიკულ ტექნოლოგიებში, მათ შორის მომავალი თაობის კვანტურ კომპიუტერებში.
შეგახსენებთ, გასულ წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ჯონ ჰოპფილდსა და ჯოფრი ჰინტონს გადაეცათ. მეცნიერებმა ჯილდო მიიღეს აღმოჩენებისა და გამოგონებებისთვის, რომლებმაც მანქანური დასწავლის გაუმჯობესება ხელოვნური ნეირონული ქსელებით გახადა შესაძლებელი.
ფიზიკის დარგში ნობელის პრემია, 1901 წლიდან მოყოლებული, 119-ჯერ გაიცა. ის დღემდე 230 მეცნიერს აქვს მიღებული.