იაპონურმა ჰოლდინგურმა კომპანია SoftBank Group-მა, რომელსაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი მასაიოში სონი აკონტროლებს, შვეიცარიული ABB Ltd.-ის რობოტიკის განყოფილება შეიძინა. გარიგების ღირებულება $5.4 მილიარდია და იაპონური კომპანიის AI-მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად.
Softbank-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის, სონის განცხადებით, კომპანიის შემდეგი მიზანი უკვე ფიზიკური ხელოვნური ინტელექტის შექმნაა. ABB Robotics-თან პარტნიორობით, სონი ხელოვნური სუპერინტელექტისა და რობოტიკის გაერთიანებას გეგმავს, რაც, მისივე შეფასებით, „რევოლუციურ ევოლუციას შეუწყობს ხელს“.
მხარეების პროგნოზით, შესყიდვისთვის საჭირო პროცესები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ABB-ის რობოტიკული განყოფილების შესყიდვის დაანონსებამდე, SoftBank-მა წელს ახალი ჰოლდინგური კომპანია Robo HD-იც დააარსა. სწორედ ამ უკანასკნელის საკუთრებაშია იაპონური ფირმის რობოტიკის აქტივები.
თუმცა სონის ამ მიმართულებით განვითარების ინტერესი ადრეულ წლებშიც ჰქონდა, რამაც 2014 წელს ჰუმანოიდი რობოტის, Pepper-ის შექმნა განაპირობა. Pepper-ის გაყიდვები მოგვიანებით, დაბალი მოთხოვნის გამო შეჩერდა.
ცნობისთვის, ABB-ის რობოტიკის ბიზნესი ჩინეთში, აშშ-სა და შვედეთში საწარმოო ცენტრებითაა წარმოდგენილი და 7,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2023 წელს, კორპორაციის შემოსავალმა გადასახადების გადახდამდე და ამორტიზაციამდე (EBITDA) $313 მილიონს, ხოლო მთლიანმა შემოსავალმა $2.3 მილიარდს მიაღწია.
რაც შეეხება მასაიოში სონს, ის, Forbes-ის შეფასებით, იაპონიის უმდიდრესი ადამიანია. 68 წლის ბიზნესმენი $67.4 მილიარდის სიმდიდრეს ფლობს და მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით – მათ შორის აშშ-ში Stargate AI-ის $500-მილიარდიან მონაცემთა ცენტრში, რომელზეც იაპონური კომპანია OpenAI-სთან, Oracle-თან და MGX-თან პარტნიორობით მუშაობს.