ქართული დღეები სტრასბურგში

ქართული დღეები სტრასბურგში

სტრასბურგში, ევროპის გულში, სადაც ისტორიული არქიტექტურა და თანამედროვე გლობალური პოლიტიკა ჰარმონიულად თანაარსებობს, ქართველ ემიგრანტთა დიდი შეკრება  „ხიდები ევროპასთან“ გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მოუყარა თავი და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა საერთო ღირებულებებზე გადის.

სტრასბურგი, ელზასის ისტორიული დედაქალაქი, ევროპული ერთიანობის ცხადი სიმბოლოა. მდინარე ილზე გადებული ხიდები ერთმანეთთან აკავშირებს ძველსა და ახალს, გერმანულსა და ფრანგულს, ტრადიციასა და ინოვაციას. ეს ქალაქი, სადაც ევროპარლამენტი და ადამიანის უფლებათა სასამართლო მდებარეობს, ოთხი დღის განმავლობაში ქართველების შეხვედრის ადგილად იქცა. 

The Builders of Value-Based Bridges Inc. აშშ-ში მცხოვრები ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ერთ მთავარ იდეას ეფუძნება — “ღირებულებები მნიშვნელოვანია — ისინი გვაძლიერებს და გვაქცევს უფრო კონკურენტუნარიანად რეალურ ცხოვრებაში”. ორგანიზაცია დავოსის ფორუმის მსგავს მოდელზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული დიასპორის გაერთიანებას დასავლურ სტანდარტებითა და ღირებულებებით მოქმედ ქსელში. 

“ჩვენ ერთად ვაშენებთ ღირებულებაზე დაფუძნებულ ხიდებს დასავლეთის ემიგრაციულ დიასპორებსა და საქართველოს შორის“, — ამბობს ორგანიზაციის დირექტორი ზურაბ კაპანაძე.

ორგანიზაციამ პირველი ღონისძიება 7 ივნისს, პრინსტონში გამართა, ამის შემდეგ კი მიღებული გამოცდილების ევროპაში გადატანა გადაწყვიტა.

ოთხდღიან შეკრებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ ბიზნესმენები, ჟურნალისტები, მეცნიერები, სტუდენტები და კულტურის წარმომადგენლები. პანელურ დისკურიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო დონის სპიკერებიც, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს გულშემატკივრობენ. დისკუსიების თემები მოიცავდა მედიას და ადამიანის უფლებებს, ემიგრაციის როლს ევროპულ ურთიერთობებში და ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესს. 

Forbes Georgia ღონისძიების მედიაპარტნიორი იყო. ფორბსის მთავარი რედაქტორის, შოთა დიღმელაშვილის მიერ მოდერირებული დისკუსია ბიზნესის ციფრულ სანდოობასა და დასავლურ ტექნოლოგიურ სტანდარტებს მიეძღვნა. პანელური დისკუსიის მონაწილეები იყვნენ ზურაბ კაპანაძე, “ხიდების მშენებლების” დამფუძნებელი და დავით შავგულიძე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და მკვლევარი.  

დისკუსიისას განხილული იყო საქართველოს კიბერუსაფრთხოების მდგომარეობა და ბიზნესის ტექნოლოგიური ლანდშაფტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრობლემას, რომელზეც საჯაროდ ნაკლებად საუბრობენ — რუსული პროგრამული უზრუნველყოფის ფართო გამოყენებას ქართულ ბიზნესში. რუსული ERP სისტემების გამოყენება არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ ღირებულებითი თვალსაზრისითაც სახიფათოა. დასავლეთთან ინტეგრაცია ციფრულ სანდოობას, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამ პრინციპების გაზიარების გარეშე ქართულო ბიზნესი ევროპულ ბაზარზე ფეხის მოკიდებას ვერ შეძლებს. 

“ბიზნესი არ არის ცალკე მდგომი რამ. ის ცოცხალი ორგანიზმია და ადამიანივით პროგრესირებს“, — აღნიშნა გელა მღებრიშვილმა, Nexia Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, — “პირველ რიგში ბიზნესის სურვილი უნდა იყოს, რომ მიისწრაფვოდეს დასავლეთისაკენ. მხოლოდ ასე მივიღებთ წვდომას იმ რესურსებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებისათვის კრიტიკულია.“

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი იყო ვიზიტი ინსტიტუციებში, რომლებიც დასავლური დემოკრატიის საძირკველს წარმოადგენენ: ევროსაბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ აქ წარმოთქვა ზურაბ ჟვანიამ  წელს თქვა ისტორიული სიტყვები: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი.“ ეს სიტყვები დღეს ევროპის საბჭოს სასახლის წინ განთავსებულ ვარსკვლავზეა დატანილი. 

შეხვედრის დღეებში სტრასბურგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ევროპარლამენტმა აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის პრემია მიანიჭა ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, და მის ბელარუს კოლეგას, ანდჟეი პოჩობუტს.

“წლევანდელი სახაროვის პრემიის მინიჭებით ჩვენ პატივს ვცემთ ორ ჟურნალისტს, რომელთა გამბედაობა შუქურასავით ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე”, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. 

სტრასბურგის შეხვედრის ერთ-ერთი საკვანძო განზომილება ბიზნესის მხარდაჭერა იყო. ღონისძიების ადგილობრივმა პარტნიორმა, ელზასის ეკონომიკური განვითარების სააგენტომ (ADIRA), მეწარმეებს გაუზიარა ინფორმაცია ევროპული სტანდარტების, რეგიონის საგადასახადო და საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ. ელზასის რეგიონს ინდუსტრიული განვითარების ხელშესაწყობად თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს, რომელიც კომპანიებისთვის დაფინანსებისა და ტექნოლოგიური აღჭურვის შეთავაზებას გულისხმობს. 

ღონისძიება დატვირთული იყო კულტურული პროგრამითაც: სტუმრებმა ნახეს ნინო კირთაძის ფილმი „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“, რომელიც 2008 წლის ომის ქრონიკებს ეძღვნება. ასევე, ლანა ღოღობერიძის ფილმი “დედაშვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი”. რომელიც 1937 წლის რეპრესიების პირად ტრაგედიას საერთო ისტორიულ მეხსიერებად აქცევს და ლევან წულაძის სპექტაკლი 1921–1924, საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებისა და მტკივნეული ისტორიული გაკვეთილების შესახებ.

“საბჭოთა კავშირი დასრულდა, მაგრამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არასოდეს სრულდება,“ — განაცხადა რეჟისორმა ლევან წულაძემ, — “ყოველ ჯერზე, როცა თავისუფლების მნიშვნელობა გვავიწყდება, მისი დაბრუნება უფრო და უფრო ძვირი გვიჯდება”. 

ღონისძიების მონაწილეები იყვნენ ასევე ქართველი მუსიკოსები: ჯგუფი Loudspeakers, ნიკა ჩოხელი, ნატალია ნაყოფია და სხვები. ღონისძიების მუსიკალური ნაწილი ემოციურად, საქართველოს ჰიმნით დასრულდა. 

Loudspeakers-ის ვოკალისტმა ლევან ლაუდაძემ სცენიდან მიმართა მსმენელებს: “დღეს არაერთი ადამიანი ყოველდღიურად იბრძვის ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად… ასეთი ადამიანები ხართ თქვენც, რომლებიც, მანძილის მიუხედავად, არ კარგავთ კავშირს საქართველოსთან” 

სტრასბურგში მცხოვრები ქართველებისთვის ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. შეკრების ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაცია GéNaissance, რომელსაც ხელოვნებათმცოდნე თამარ ქართველიშვილი ხელმძღვანელობს, სულ რაღაც ოთხი თვის წინ შეიქმნა, მაგრამ უკვე იქცა დიასპორისათვის შეუცვლელ პლატფორმად.

“ჩვენ გავერთიანდით მაშინ, როცა ვიგრძენით, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გულგრილები ვეღარ ვიქნებოდით“, — განაცხადა თამარ ქართველიშვილმა, — “პირველი ემოცია ბრაზი იყო, მაგრამ მერე ღირებულებზე დაფუძნებულ, თანმიმდევრულ მოძრაობად იქცა. GéNaissance სხვადასხვა პროფესიის, ინტერესების თუ ასაკის ადამიანებს აერთიანებს. თანადამფუძნებლები ფაქტობრივად ქუჩაში გავიცანი, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს ვაჟღერებდით. ახლა ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქართველმა ემიგრანტებმა აქ ენა და თვითმყოფადობა არ დაკარგონ”.


ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი შეკრებები მომავალშიც გაიმართება და ხიდები, რომელსაც უკვე ჩაეყარა საფუძველი, კიდევ უფრო განმტკიცდება: აშშ-დან ევროპამდე, ევროპიდან საქართველომდე, ადამიანიდან — ადამიანამდე.