სავაჭრო საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა CNBC-ის განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და შვეიცარიამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. შვეიცარიის მთავრობამ კი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ, შეთანხმების მიხედვით, ტარიფები 15%-მდე შემცირდება. მისივე ინფორმაციით, დამატებითი დეტალები ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შვეიცარიას 39%-იანი ტარიფი დაეკისრებოდა. გადასახადი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც შვეიცარიის დელეგაციამ ვაშინგტონში გამართული ბოლო მოლაპარაკებების დროს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ცალკეული ქვეყნებისთვის დაწესებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფი ვრცელდებოდა. ამან კი ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. გასულ თვეში შვეიცარიის ოფიციალურმა პირებმა 2026 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს და მიზეზად სწორედ აშშ-ის ტარიფები დაასახელეს.
ცნობისთვის, შვეიცარიის ძირითადი საექსპორტო საქონელი მოიცავს საათებს, ფარმაცევტულ პროდუქტებსა და ძვირფას ლითონებს, თუმცა ქვეყანა ასევე ცნობილია ფუფუნების საგნებით, შოკოლადითა და კანის მოვლის საშუალებებით.
სავაჭრო შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, შვეიცარიულმა ფრანკმა დოლართან მიმართებაში 0.4%-ით მოიმატა.








