რას გულისხმობს ტრამპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა?

რას გულისხმობს ტრამპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა?

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებას ისახავს მიზნად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე წარედგინა. ამერიკული მაღალჩინოსნების ინფორმაციით, გეგმა ზელენსკის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს, თუმცა სანაცვლოდ, ოფიციალური კიევისთვის ნატო-ს სტილის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს.

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ამ ეტაპზე დრაფტის სახითაა შეთავაზებული, რაც მასში შესწორებების შეტანის შესაძლებლობას იძლევა. მასზე ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად მუშაობდა. გეგმა თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან რუსტემ ამიროვთან განიხილეს, რომელიც რამდენიმე ცვლილების შემდეგ, პუნქტების უმეტეს ნაწილს დაეთანხმა. ამის შემდგომ, უკვე ხუთშაბათს, როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ABC News-ს განუცხადეს, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარედგინა.

არსებული ფორმით, გეგმა კიევისგან აღმოსავლეთით ტერიტორიების დათმობას, სამხედროების რაოდენობის შეზღუდვასა და ნატო-ში გაწევრიანებაზე სამუდამო უარს მოითხოვს.  ამის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებული შტატები კიევისთვის ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს, რომელიც ნატო-ს მეხუთე პუნქტს ეფუძნება. 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს“.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე თავდასხმას „ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე თავდასხმად“ განიხილავენ. დასავლური გამოცემების შეფასებით, ეს შესაძლოა უპრეცედენტო გამარჯვებად ჩაითვალოს უკრაინისა და ზელენსკისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ნატო-ს მოკავშირეებისგან გრძელვადიანი, კოლექტიური თავდაცვის პირობას მოითხოვდა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ABC News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ გეგმა არსებულ რთულ სიტუაციას ასახავს, ხოლო წარმოდგენილი პუნქტებით როგორც უკრაინა, ისე რუსეთი იმაზე მეტს მოიგებენ, ვიდრე გასცემენ.

ხუთშაბათ საღამოს მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან, რომლებმაც წარმოადგინეს ის, რასაც ის ომის დასრულების „ხედვას“ უწოდებს. თავის გამოსვლაში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას სჭირდება რეალური მშვიდობა, რომელიც არ დაირღვევა.

„მე გამოვყავი ის, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. და ჩვენ შევთანხმდით, რომ მხარეები ამ შეთავაზებებზე იმუშავებენ – რათა ისინი რეალურად განხორციელდეს. ჩვენ არ გავაკეთებთ მკაცრ განცხადებებს და ერთგულნი ვართ მკაფიო, პატიოსანი მუშაობისა – უკრაინა, შეერთებული შტატები და ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რაც შეეხება აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქციან დრაფტს, ის სრული სახით ABC News-მა გამოაქვეყნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

  1. უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება.
  2. რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არსებული ყველა გაურკვევლობა მოგვარებულად ჩაითვლება.
  3. რუსეთი თავს არ დაესხმება მეზობელ სახელმწიფოებს და ნატო არ გაფართოვდება.
  4. აშშ-ის შუამდგომლობით, უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილ იყოს გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს თანამშრომლობისა და მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები, რუსეთსა და ნატო-ს შორის დიალოგი შედგება.
  5. უკრაინა მიიღებს საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს.
  6. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 600,000 პერსონალით შემოიფარგლება.
  7. უკრაინა თანახმაა, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ის არ შეუერთდება ნატო-ს და ნატო თანხმობას აცხადებს, წესდებაში შეიტანოს დებულება, რომ უკრაინა მომავალში ორგანიზაციის წევრად არ დაიშვება.
  8. ნატო თანხმობას აცხადებს, არ განათავსოს ჯარები უკრაინაში.
  9. ევროპული გამანადგურებლები განთავსდებიან პოლონეთში.
  10. აშშ-ის გარანტია: აშშ მიიღებს კომპენსაციას გარანტიებისთვის; თუ უკრაინა რუსეთში შეიჭრება, ის დაკარგავს მინიჭებულ გარანტიებს; თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გადამწყვეტი კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, გაუქმდება ახალი ტერიტორიის აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი; თუ უკრაინა უმიზეზოდ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე მიიტანს შეტევას, ყველა უსაფრთხოების გარანტია ძალადაკარგულად ჩაითვლება.
  11. უკრაინა ინარჩუნებს ევროკავშირის წევრობის უფლებას და ამ საკითხის განხილვამდე, მიიღებს მოკლევადიან შეღავათიან წვდომას ევროპულ ბაზარზე.
  12. უკრაინის აღდგენისთვის შემუშავდება გლობალური პაკეტი, რომელიც მოიცავს: სწრაფად მზარდ ინდუსტრიებში, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების განსახორციელებლად უკრაინის განვითარების ფონდის შექმნას; აშშ ითანამშრომლებს უკრაინასთან ქვეყნის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის, მათ შორის მილსადენებისა და საცავის ობიექტების, აღდგენის, განვითარებისა და ექსპლუატაციაში შესვლის საკითხზე; ერთობლივი ძალისხმევით მოხდება ომით დაზარალებული ტერიტორიების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია; ინფრასტრუქტურის განვითარება; სასარგებლო წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება; აღნიშნული ძალისხმევის დასაჩქარებლად, მსოფლიო ბანკი სპეციალურ დაფინანსების პაკეტს შეიმუშავებს.
  13. რუსეთი ხელახლა ინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში: სანქციების მოხსნა განიხილება ინდივიდუალურად და ეტაპობრივად, თითოეული შემთხვევისთვის; აშშ გააფორმებს გრძელვადიან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას ურთიერთგანვითარებისთვის – ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკაში იშვიათი ლითონების მოპოვების პროექტებისა და სხვა ურთიერთსასარგებლო კორპორაციული შესაძლებლობების სფეროებში; რუსეთი მიწვეული იქნება G8-ში ხელახლა გაწევრიანებაზე.
  14. გაყინული აქტივები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად: გაყინული რუსული აქტივებიდან $100 მილიარდი აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინაში აღდგენით და საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება; აშშ ამ წამოწყებებიდან მიიღებს მოგების 50%-ს. ევროპა დამატებით $100 მილიარდს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციების ოდენობის გასაზრდელად გამოიყენებს; გაყინული რუსული თანხების დარჩენილი ნაწილი აშშ-რუსეთის საინვესტიციო ინსტრუმენტში ჩაიდება, რომელიც კონკრეტულ სფეროებში ერთობლივ პროექტებს მოხმარდება და შექმნის ძლიერ სტიმულს კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
  15. უსაფრთხოების საკითხებზე შეიქმნება ერთობლივი ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებით ნაკისრი ყველა დებულების შესრულებას უზრუნველყოფს.
  16. რუსეთი კანონმდებლობით აღიარებს თავისარააგრესიულ პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ.
  17. აშშ და რუსეთი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის შესახებ ხელშეკრულებების, მათ შორის START I ხელშეკრულების, მოქმედების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდებიან.
  18. უკრაინა თავს არაბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადებს – ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.
  19. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ ამოქმედდება და წარმოებული ელექტროენერგია თანაბრად გადანაწილდება რუსეთსა და უკრაინას შორის – 50:50 თანაფარდობით.
  20. ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად სხვადასხვა კულტურის ურთიერთპატივისცემას და რასიზმისა და ცრურწმენების აღმოფხვრას ისახავს; უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ; ორივე ქვეყანა თანხმდება გააუქმოს ყველა დისკრიმინაციული ზომა და უზრუნველყოს უკრაინული და რუსული მედიისა და განათლების უფლებები; ყველა ნაცისტური იდეოლოგია და საქმიანობა აიკრძალება.
  21. ტერიტორიები: მოხდება ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე-ფაქტოდ რუსეთად აღიარება, მათ შორის აშშ-ის მიერ; ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება არსებულ კონფლიქტის ხაზზე, რაც ნიშნავს დე-ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის გასწვრივ; რუსეთი უარს იტყვის სხვა შეთანხმებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის ხუთი რეგიონის გარეთ აკონტროლებს; უკრაინის ძალები დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც ისინი ამჟამად იკავებენ და ეს ნაწილი ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად ჩაითვლება, რომელიც საერთაშორისო დონეზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიად ჩაითვლება. რუსული ძალები დემილიტარიზებულ ზონაში არ შევლენ.
  22. ტერიტორიული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინა და რუსეთი იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიები გაუქმდება.
  23. რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინას, მდინარე დნეპრი კომერციული საქმიანობისთვის გამოიყენოს. მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალი ტრანსპორტირების შესახებ.
  24. შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი: პატიმრებისა და ცხედრების გასაცვლელად; დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და მძევლების დასაბრუნებლად; განხორციელდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა.
  25. შეთანხმებიდან 100 დღეში უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს.
  26. კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს მათი ქმედებებისთვის და დათანხმდება, რომ მომავალში არ წამოჭრის რაიმე საჩივარს.
  27. შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო. მის შესრულებას მშვიდობის საბჭო გააკონტროლებს, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. დამრღვევებისთვის დაწესდება სანქციები.
  28. როგორც კი მემორანდუმს ყველა მხარე მიიღებს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა, გეგმის განხორციელების დასაწყებად ორივე მხარე შეთანხმებულ ტერიტორიულ პუნქტებამდე დაიხევს.