აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, AI-ინფრასტრუქტურის მწარმოებელი კომპანია Bitworks-ის დამფუძნებელი, ავსტრალიაში მცხოვრები ბიზნესმენი ბრაიან რეიმონდი, რომელიც ამავდროულად ამერიკული Nvidia-ს პარტნიორია, ჩინური ფირმებისთვის ჩიპების უკანონოდ მიყიდვაშია ბრალდებული. საუბარია Nvidia-ს ყველაზე მძლავრ ჩიპებსა და HP-ის სუპერკომპიუტერებზე, რომელთაც თანამზრახველებთან ერთად ჩინელ მომხმარებელზე ყიდდა.
ბრალდებულებს შორისაა ჩინეთის ორი და ჰონგ-კონგში დაბადებული ამერიკის ერთი მოქალაქე. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, საერთო ჯამში, ბრალდებულებმა Nvidia-ს 350 ერთეული ჩიპი, მათ შორის H100-ები, H200-ები და A100-ები და HP-ის 10 სუპერკომპიუტერი გაყიდეს, რომელთა საერთო ღირებულება $4 მილიონია. მათ შორისაა ჩიპები, რომელთა ექსპორტი ჩინეთში ფაქტობრივად აკრძალულია.
ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში მიღებული კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და სუპერკომპიუტერების ჩიპებით ვაჭრობს, ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს ლიცენზიის ფლობაა აუცილებელი. ეს შეზღუდვა Nvidia-ს ყველაზე მძლავრი ჩიპების ჩინეთში ექსპორტს თითქმის შეუძლებელს ხდის. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სავარაუდო უკანონო გაყიდვები 2023 წელს დაიწყო და ამ თვემდე გრძელდებოდა.
LinkedIn-ის გვერდზე რეიმონდი მოხსენიებულია, როგორც Bitworks-ის აღმასრულებელი დირექტორი და „Nvidia-ს Cloud-ის პარტნიორი”, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტის სახელით საბოლოო მომხმარებლებზე სერვერებსა და ჩიპებს ყიდის. სოციალური ქსელის პროფილის თანახმად, რეიმონდი ხელოვნური ინტელექტის Cloud-კომპანია Corvex-ის მთავარი ტექნოლოგიური დირექტორის პოზიციასაც იკავებს.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ტრამპმა Nvidia-ს ჩიპების ნაწილის, მათ შორის H20-ის ჩინეთისთვის მიყიდვები შეაჩერა. მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება და ჩინეთთან ტექნოლოგიურ სფეროში კონკურენცია სახელდება. ამ მიდგომით, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ჩინეთს ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემუშავებაში ხელი შეუშალოს.
ბრალდების დოკუმენტში იუსტიციის დეპარტამენტი წერს, რომ პეკინი ხელოვნურ ინტელექტს სამხედრო მოდერნიზაციისა და იარაღის შექმნისთვის, მათ შორის „მასობრივი განადგურების იარაღის“, ასევე „ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სათვალთვალო ინსტრუმენტების“ დახვეწისა და შექმნისთვის იყენებდა.
















