Reuters: ნავთობიდან და გაზიდან რუსეთის შემოსავლები ნოემბერში შესაძლოა 35%-ით შემცირდეს

Reuters: ნავთობიდან და გაზიდან რუსეთის შემოსავლები ნოემბერში შესაძლოა 35%-ით შემცირდეს

Reuters-ის გამოთვლებით, შემოსავალი, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან იღებს, ნოემბერში შესაძლოა დაახლოებით 35%-ით შემცირდეს და 520 მილიარდ რუბლს ($6.59 მილიარდი) მიაღწიოს. მოგების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავალი – ციკლური გადახდების გამოკლებით – ოქტომბერთან შედარებით ასევე 7.4%-ით შემცირდება.

როგორც Reuters-ი წერს, „შემოსავლების შემცირება მტკივნეულია რუსეთისთვის, რომელმაც 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა“. გამოცემის პროგნოზით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში, ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავალი 22%-ით შემცირდება და 8 ტრილიონ რუბლს ($101 მლრდ) მიაღწევს.

Reuters-ის გამოთვლით, რუსული ნავთობის დასაბეგრი ფასი იანვარ-ნოემბერში ბარელზე 57.3 აშშ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში $68.3-ს უტოლდებოდა. ამავდროულად კი, რუსეთის სახელმწიფო ვალუტა, რუბლი, გამყარდა – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში დოლარზე 91.7 რუბლიდან, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში, დოლარზე 81.1 რუბლამდე.

თავდაპირველად ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან 10.94 ტრილიონი რუბლის ($139 მლრდ) მიღებას ვარაუდობდა, თუმცა ნავთობის ფასების ვარდნის გამო, გასულ თვეში პროგნოზი 8.65 ტრლნ რუბლამდე ($110 მლრდ) შეამცირა. უახლეს ანგარიშს სამინისტრო 3 დეკემბერს გამოაქვეყნებს.