„გეიტსის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკელი მილიარდერი ბილ გეიტსი ტრამპის ადმინისტრაციას USAID-ისთვის დაფინანსების შეწყვეტის გამო აკრიტიკებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას „უზარმაზარ შეცდომას“ უწოდებს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდაში.
ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა 2025 წელს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ 200,000-ით გადააჭარბოს გასული წლის მაჩვენებელს. ბილ გეიტსის მიერ Wall Street Journal-ისთვის მიცემული ინტერვიუს თანახმად, სიკვდილიანობის ზრდა პირდაპირ კავშირშია დონორებისა და მდიდარი სახელმწიფოების მიერ გლობალური ჯანდაცვის დახმარებებისა და გრანტების 27%-ით შემცირებასთან. მათ შორის არის შეერთებული შტატებიც, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამა USAID-ი ტრამპის ინიციატივით დაიხურა.
Microsoft-ის დამფუძნებელი საზოგადოებას რამდენიმე თვის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ დაფინანსების შემცირება ბავშვთა სიკვდილიანობას გაზრდიდა. „აღნიშნული შემცირებების [დაფინანსების] გამანადგურებელი შედეგის ეფექტის პრევენცია შესაძლებელია – ჯერ კიდევ არ არის გვიან, გადაწყვეტილება შეიცვალოს“, – დაწერა ივლისში X-ის ანგარიშზე ბილ გეიტსმა.
„მე მჯერა, რომ ეს იყო უზარმაზარი შეცდომა და ნაწილობრივ მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა ამ წელს“, – განაცხადა ბილ გეიტსმა USAID-ის დაფინანსების შეწყვეტაზე.
ბილ გეიტსის კრიტიკას ტრამპის ადმინისტრაციის ბრალეულობასთან დაკავშირებით უპასუხა თეთრი სახლის პრესსპიკერმაც. კეროლაინ ლევიტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ამოცანაა დარწმუნდეს, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული პროგრამები ამერიკულ ინტერესებთან თანხვდენილია.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. შედეგად ორგანიზაციიდან გათავისუფლდა ათასობით თანამშრომელი მთელი მსოფლიოდან, USAID-ის პროგრამების 80%-ზე მეტი კი გაუქმდა. აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიოს უმსხვილესი საგარეო დახმარების სააგენტო იყო, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ჰუმანიტარულ მხარდაჭერას 1961 წლიდან უწევდა.
















