გუშინ, ავსტრალიაში ძალაში შევიდა სოციალური მედიაპლატფორმების მსოფლიოში პირველი აკრძალვა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალ პირებს სოციალური მედიის ანგარიშების ფლობა აეკრძალათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან მშობლები და ბავშვთა უფლებების დამცველები, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიები და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერები – მკაცრად აკრიტიკებენ.
გუშინ, ღამის თორმეტი საათის შემდეგ მსხვილ სოცმედიაპლატფორმებს, TikTok-ს, Alphabet-ის Youtube-სა და Meta-ს Instagram-სა და Facebook-ს ავსტრალიის მთავრობისგან მიეწოდა ბრძანება, რომ აღნიშნულ ასაკამდე მიუღწეველი ბავშვების ანგარიშები დაებლოკათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი მოცულობის ჯარიმები ემუქრებათ. ავსტრალიის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად, ჯარიმის მოცულობა $33 მილიონს შეადგენს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანისმა, გადაწყვეტილება ოჯახებისათვის საამაყო დღედ შეაფასა. მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმატებული პრეცედენტია იმის საილუსტრაციოდ, რომ პოლიტიკოსებს ინტერნეტისაგან მიღებული ზიანის პრევენცია შეუძლიათ.
„ეს გადაწყვეტილება დიდ სხვაობას შექმნის. ეს ერთ-ერთი უდიდესი სოციალური და კულტურული ცვლილებაა, რომლის წინაშეც ჩვენი ერი ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა. ენტონი ალბანისმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბავშვებს მოუწოდა, რომ სპორტით დაკავდნენ, მუსიკალური ინსტრუმენტი შეისწავლონ ან ის წიგნი წაიკითხონ, რომელიც თაროზე დიდი ხანია დევს.
სოციალური მედიაპლატფორმების აკრძალვის ძალაში შესვლამდე საკუთარი პროტესტი ბავშვებმა სწორედ სოციალურ ქსელებში გამოხატეს, სადაც გადაწყვეტილების უსამართლობის შესახებ სხვადასხვა სახის პოსტი განათავსეს.
ავსტრალიის მოდელის შესწავლის სურვილი რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მათ შორის დანიამ, ახალმა ზელანდიამ და მალაიზიამაც გამოთქვა.
















