კომპანია Adobe-ს განცხადებით, მან OpenAI-სთან თავისი პროგრამების, Photoshop-ისა და Acrobat-ის ინსტრუმენტების ChatGPT-ში ინტეგრირების საკითხზე შეთანხმებას მიაღწია. პარტნიორობის ფარგლებში, ChatGPT-ის მომხმარებლებს Adobe-ს სურათების რედაქტირების, გრაფიკული დიზაინისა და PDF-ფაილების მართვის ინსტრუმენტებზე გამარტივებული წვდომა ექნებათ.
OpenAI-თან შეთანხმების ფინანსურ პირობებზე Adobe-ს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპთან პარტნიორობა მას თავისი ფლაგმანის ახალი მომხმარებლებისთვის შეთავაზებაში დაეხმარება. OpenAI-ის კი პარტნიორობა, ყველა საჭირო სერვისის თავმოყრით, ახალი მომხმარებლების მოზიდვას გაუმარტივებს. თავის მხრივ, ChatGPT-ის მომხმარებლებს, პროგრამებზე წვდომისთვის, Adobe-ს ანგარიშის შექმნა დასჭირდებათ.
Adobe-ს განმარტებით, სასურველი შედეგის მისაღებად, მომხმარებლებს ChatGPT-ისთვის მხოლოდ დავალების მიცემა სჭირდებათ, მაგალითად, როგორიცაა ფოტოების დახვეწა, გრაფიკის შექმნა, დიზაინის ანიმაცია ან PDF-ფაილის შეჯამება. მიცემული დავალებისთვის Adobe-ს შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით კი პროგრამა შედეგს ჩატბოტის ინტერფეისიდან გაუსვლელად აგენერირებს.
დესკტოპზე, ვებგვერდსა და iOS-ზე ჩატბოტის გამოყენებისას, Photoshop-ის, Acrobat-ის და Adobe Express-ის ფუნქციები დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, უკვე ხელმისაწვდომია. Android-ზე ამ ეტაპისთვის მხოლოდ Adobe Express for ChatGPT-ის გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა სისტემას Photoshop-ისა და Acrobat-ის მხარდაჭერაც უახლოეს მომავალში დაემატება.














