ღვინო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია. ზოგიერთ კულტურაში ის ყოველდღიურობის ნაწილია, ზოგან კი მისი მოხმარება უფრო იშვიათობაა. არსებობს კულტურებიც, სადაც ალკოჰოლის, მათ შორის ღვინის, მოხმარება აკრძალულია.
სტატიაში წარმოგიდგენთ 2024 წელს გლობალურად ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარების სტატისტიკას 20 ქვეყნის მაგალითზე. რეიტინგი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს ეფუძნება.
რეიტინგში პირველ პოზიციას პორტუგალია იკავებს, სადაც 2024 წლის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება 61.1 ლიტრია. მეორე ქვეყანა, სადაც ღვინოს ყველაზე აქტიურად მოიხმარენ, იტალიაა. იქ ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება 42.7 ლიტრს შეადგენს. დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელია რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ საფრანგეთშიც (41.5 ლიტრი). ხუთეულში ასევე შედიან შვეიცარია (29.7 ლიტრი) და ავსტრია (28.6 ლიტრი).
პორტუგალიაში ერთ სულ მოსახლეზე მაღალი მოხმარება ძირითადად წარმოების მასშტაბებითა და დაბალი დამატებითი ღირებულების გადასახადითაა განპირობებული. ღვინოზე დღგ პორტუგალიაში 13%-ია, შუშხუნა ღვინოზე კი – 23%. მიუხედავად ამისა, რესტორნებში აღნიშნული 23% კვლავ 13%-მდე მცირდება.
იხილეთ ასევე: რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ღვინოს?
მთლიანობაში 20 ქვეყანაში საშუალო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 21.5 ლიტრია, მედიანური კი – 22 ლიტრი. ევროპა ღვინის მოხმარებით სხვა რეგიონებს მნიშვნელოვნად უსწრებს. იქ საშუალო მაჩვენებელი 28.7 ლიტრია.
რაც შეეხება არაევროპულ ქვეყნებს, კანადასა და აშშ-ში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება წლიურად 13.7 და 11.8 ლიტრია. აღნიშნული მაჩვენებელი 2.8 ლიტრს შეადგენს იაპონიაში, ჩინეთში კი – 0.5-ს.
ცნობისთვის, რეიტინგის შედგენისას საქართველოს მაჩვენებლები არ გაანალიზებულა. ღვინის წარმოების რვაათასწლოვანი კულტურის გათვალისწინებით, საქართველოში ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სავარაუდოდ, ევროპული მაჩვენებლების მსგავსია.
| რეიტინგი | ქვეყანა | წლიური მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2024 წელს (ლიტრი) |
| 1 | პორტუგალია | 61.1 |
| 2 | იტალია | 42.7 |
| 3 | საფრანგეთი | 41.5 |
| 4 | შვეიცარია | 29.7 |
| 5 | ავსტრია | 28.6 |
| 7 | გერმანია | 24.5 |
| 6 | ავსტრალია | 24.5 |
| 8 | უნგრეთი | 24.4 |
| 9 | ესპანეთი | 23.8 |
| 10 | დიდი ბრიტანეთი | 22.3 |
| 11 | არგენტინა | 21.6 |
| 12 | ნიდერლანდები | 20.7 |
| 13 | რუმინეთი | 18.7 |
| 14 | კანადა | 13.7 |
| 15 | აშშ | 11.8 |
| 16 | სამხრეთი აფრიკა | 9.2 |
| 17 | რუსეთი | 6.8 |
| 18 | იაპონია | 2.8 |
| 19 | ბრაზილია | 1.9 |
| 20 | ჩინეთი | 0.5 |
წყარო: International Organisation of Vine and Wine















