„ათინათი“ და მერაბ აბრამიშვილი: როგორ იქცევა კერძო კოლექცია ეროვნულ და გლობალურ კულტურულ პროექტად

„ათინათი“ და მერაბ აბრამიშვილი: როგორ იქცევა კერძო კოლექცია ეროვნულ და გლობალურ კულტურულ პროექტად

კულტურის ცენტრი „ათინათი“ აგრძელებს გამოფენების სერიას – „ათინათის“ კოლექცია და პირველად წარმოადგენს მერაბ აბრამიშვილის პერსონალურ კოლექციას. 

ეს ექსპოზიცია „ბაია გალერეის“ მეგა საგამოფენო ციკლის „ᲛᲔᲠᲐᲑ ᲐᲑᲠᲐᲛᲘᲨᲕᲘᲚᲘ – ᲒᲐᲛᲭᲕᲘᲠᲕᲐᲚᲔ ᲛᲔᲮᲡᲘᲔᲠᲔᲑᲐ“ ნაწილია. პროექტი, რომელიც „ათინათის“ საგამოფენო დარბაზს და „ბაია გალერეის“ ორ საექსპოზიციო სივრცეს მოიცავს, მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების  ფართომასშტაბიანი გამოფენის პრეცედენტს ქმნის, ეს მეგა საგამოფენო ციკლი შეიქმნა იმისთვის, რომ მერაბ აბრამიშვილის სახელი დაფიქსირდეს მსოფლიო სახელოვნებო სცენაზე, როგორც საქართველოს სიმბოლო.

ATINATI არის არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM, ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით.

ATINATI-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნამუშევრების მზარდი კოლექცია, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრებით. კოლექცია ნათელ სურათს ქმნის ქართული ხელოვნების განვითარების უწყვეტ ხაზზე მოდერნიზმიდან დღემდე, ფიროსმანიდან ანდრო ვეკუამდე.

ATINATI-ს მიზანია საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოს საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვანი მოვლენები, მდიდარი კულტურა უძველესი დროიდან დღემდე, ასევე ხელოვნების სფეროს მხარდაჭერა.

 „ათინათში“ დამთვალიერებელი იხილავს მერაბ აბრამიშვილის 50-მდე საეტაპო და გამორჩეულ ნამუშევარს, რაც საშუალებას მისცემს, თვალი გაადევნოს მხატვრის შემოქმედების განვითარების ხაზს. გამოფენა აერთიანებს მერაბ აბრამიშვილის მხატვრობის სრულ დიაპაზონს.

მერაბ აბრამიშვილის მხატვრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ათინათის“ კერძო კოლექციის შექმნის და ფორმირების საქმეში. „ათინათისთვის“ კოლექციის შეგროვების მოტივაციად სწორედ მერაბ აბრამიშვილის შემოქმედება იქცა. კულტურის ცენტრის არჩევანი მერაბზე შეჩერდა, რადგან კოლექციის შეგროვების იმ ეტაპზე „ათინათისთვის“ საინტერესო აღმოჩნდა რელიგიური თემის და ხატწერის თანამედროვე მოდიფიკაცია. ამავე დროს, კოლექციონერის ყურადღება მიიპყრო მხატვრის ექსპრესიულმა, განსხვავებულმა და უნიკალურმა სტილმა, პერფექციონისტულმა შესრულებამ, ავტორის პოზიციამ, რომელმაც თავის ნამუშევრებში ტრადიციული და თანამედროვე სტილისა და მიმდინარეობების სინქრონიზაციას მიაღწია. 

„ათინათმა“ მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების ძირითადი ნაწილი საერთაშორისო აუქციონებზე და უცხოეთის კერძო კოლექციებიდან შეიძინა და საქართველოში დააბრუნა. კულტურის ცენტრის ერთ-ერთი მიზანია – მოიპოვოს ინფორმაცია, შეიძინოს და საქართველოში დააბრუნოს ქართული კულტურის საგანძური.

მერაბ აბრამიშვილი (1957, 16 მარტი, თბილისი – 2006, 22 ივლისი, თბილისი) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვარია, რომლის მნიშვნელობა აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო არტსცენაზე.

მერაბ აბრამიშვილი “ოთხმოციანელთა“ თაობის წარმომადგენელია. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში მძიმე პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პროცესები მიმდინარეობს. საბჭოთა კავშირის ეპოქა სრულდება და ახალი რეალობა იწყება. მხატვრები დგანან არჩევანის წინაშე, სწორედ ამ ვითარებაში, საინტერესოა მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებითი პოზიცია. ის ნგრევას უპირისპირებს შენებას, ხოლო ანტიჰუმანიზმს უპირისპირდება ჰუმანიზმით. ის ხატავს და ქმნის სამყაროს ძალიან ჰარმონიულ და უნივერსალურ მოდელს, რომელიც სამოთხისა და მარადიულობის სიმბოლოა. ყველა თემა, რომელსაც მხატვარი ეხება, გააზრებულია ზოგადსაკაცობრიო საკითხების კონტექსტში. 

მერაბ აბრამიშვილის სამეტყველო ენა თვითმყოფადია. მხატვარი ლევკასის ტექნიკის იმ მიმართულებას ირჩევს, რომელიც შუა საუკუნეებში კედლის მოხატულობის და ხატის შესაქმნელად გამოიყენებოდა. ლევკასის (თაბაშირის და წებოს გრუნტი) საშულებით ფირფიცარზე შესრულებული მისი ნამუშევრები ფრესკის შთაბეჭდილებით მოქმედებენ. ტემპერის ფერწერული ლაქები, შექმნილი სხვადასხვა ფენების მონაცვლეობით, შემოსაზღვრულია ექსპრესიული კონტურით, დატვირთულია დეტალური ნახატით და სინათლის, სიმსუბუქის და გამჭვირვალობის ეფექტით გამოირჩევა. ლევკასის ტექნიკა, ტემპერის ფერადოვნება, ფერის და ხაზის ჰარმონიული კომბინაცია, პლასტიკის მნიშვნელოვნება და ფაქტურის სპეციფიკურობა მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების განსაკუთრებულ სტილს განსაზღვრავს, რომელიც ზოგჯერ მონუმენტური ფრესკული სიდიადით მოქმედებს და ამავე დროს ხატწერის სრულყოფილებით და დეტალიზაციით გამოირჩევა. არქაული ტრადიციის თანამედროვე მოდელი – მისი შემოქმედების განმსაზღვრელი პოზიციაა.

მერაბ აბრამიშვილის შემოქმედება აერთიანებს ქართული კულტურის ტრადიციებს, აღმოსავლურ და დასავლურ ხელოვნებას და ეს ყოველივე თანამედროვედ არის გადააზრებული. აბრამიშვილის ნამუშევრებში ეროვნული იდენტობა ჰარმონიულად უკავშირდება მსოფლიო კულტურას. სწორედ ამიტომ, მისი მასშტაბი ცდება ლოკალურ აღიარებას და იძენს საერთაშორისო მნიშვნელობას.

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეასა და ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელოვან კერძო კოლექციებში.

მერაბ აბრამიშვილის შემოქმედება წარმოადგენს თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფენომენს. მან შექმნა და დაგვიტოვა უნიკალური მხატვრული საგანძური, რომელიც აერთიანებს ქართული კულტურის ეროვნულ საფუძვლებსა და მსოფლიო ხელოვნების ტენდენციებს. მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების ასეთი მასშტაბის წარდგენით, ფონდი „ათინათის“ მიზანია მხატვრის სახელი სამუდამოდ დაფიქსირდეს მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურულ რუკაზე.

S