ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების მხრივ მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ლიდერობს. AI-დაფინანსების მაჩვენებლით კი ჩინეთის წამყვან ქალაქებს პეკინი და შანხაი წარმოადგენს.
Statista-მ, Startup Genome-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ხელოვნური ინტელექტის დაფინანსების ჰაბების სია გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2023-2024 წლებში AI-პროექტებზე მიმართული ვენჩურული დაფინანსების წილით მსოფლიოში პირველი ადგილი სწორედ პეკინმა დაიკავა. კერძოდ, ადგილობრივი ინვესტიციების 66.2% სწორედ AI-სტარტაპებზე მოდის, რაც სხვა გლობალურ ჰაბებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სილიკონის ველი აბსოლუტური თანხების მოცულობით კვლავ დომინირებს, საინვესტიციო წილის მიხედვით ის მეორე ადგილზეა 62.4%-ით. მათ მოჰყვება ტორონტო-ვატერლოო 50.3%-ით და პარიზი 43.2%-ით.
შანხაი მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს. მისი მაჩვენებელი 21.5%-ია, რითაც ის აზიის სხვა ისეთ მსხვილ ტექნოლოგიურ ცენტრებს უსწრებს, როგორიცაა სინგაპური (17.1%) და ტოკიო (16.2%).
აშშ-ის ქალაქებიდან რეიტინგში ასევე ხვდებიან სიეტლი (14.8%), ნიუ-იორკი (14.2%), ვაშინგტონი (13.4%), ბოსტონი (11.6%) და ატლანტა (10.5%). სიას ინდური ბანგალორ-კარნატაკა 10.1%-ით ასრულებს.
Bank of America-ს წლევანდელი ანგარიშის თანახმად, ჩინეთის ინვესტიციები ხელოვნურ ინტელექტში უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწევს. პროგნოზების მიხედვით, 2025 წელს ჩინეთმა შესაძლოა AI-კაპიტალურ ხარჯებში ჯამურად 84-დან 98 მილიარდ დოლარამდე განათავსოს.
წამყვანი ტექნოლოგიური ჰაბების AI-დაფინანსების წილი ვენჩურულ კაპიტალში:
პეკინი (ჩინეთი): 66.2%
სილიკონის ველი (აშშ): 62.4%
ტორონტო-ვატერლოო (კანადა): 50.3%
პარიზი (საფრანგეთი): 43.2%
შანხაი (ჩინეთი): 21.5%
სინგაპური (სინგაპური): 17.1%
ტოკიო (იაპონია): 16.2%
ამსტერდამის დელტა (ნიდერლანდები): 15.6%
სიეტლი (აშშ): 14.8%
ნიუ-იორკი (აშშ): 14.2%
ვაშინგტონი (აშშ): 13.4%
ბოსტონი (აშშ): 11.6%
ატლანტა (აშშ): 10.5%
ბანგალორ-კარნატაკა (ინდოეთი): 10.1%











