აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირებების მოლოდინითა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ოქროს ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ორშაბათს ძვირფასი ლითონის ფასი ერთ უნციაზე 1%-ით გაიზარდა და $4,400-ს გადააჭარბა.
მიმდინარე თვის დასაწყისში, აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC), საპროცენტო განაკვეთების წელს უკვე მესამედ, დამატებით 25 პუნქტით შემცირებას დაუჭირეს მხარი. შედეგად, საპროცენტო განაკვეთები, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე, 3.75%-4%-დან 3.5%-3.75%-მდე შემცირდა. ტრეიდერები 2026 წელს განაკვეთების კიდევ ორჯერ შემცირებას პროგნოზირებენ.
ამას თან ერთვის ბოლო კვირების განმავლობაში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვენესუელის საზღვაო ბლოკადა და ნიკოლას მადუროს მთავრობაზე გაზრდილი ზეწოლა, ასევე უკრაინის მიერ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერზე განხორციელებული შეტევა.
დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და მაღალი ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, ინვესტორებისთვის ოქრო „უსაფრთხო თავშესაფრად“ აღიქმება. ოქროს გარდა, არსებული ვითარების გავლენით, გაიზარდა სხვა ლითონების ფასებიც. მაგალითად, ვერცხლის ფასი, 3.3%-იანი მატებით, ახალ რეკორდულ ნიშნულამდე, უნციაზე $69.44-მდე გაიზარდა. პლატინის ფასი 4.3%-ით გაიზარდა და ბოლო 17 წელზე მეტი ხნის რეკორდს, $2,057.15-ს მიაღწია, ხოლო პალადიუმის ფასი 4.2%-ით გაიზარდა და $1,786.45 შეადგინა, რაც თითქმის სამწლიანი მაქსიმუმია.
















