2025 წელი მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი მუზეუმისთვის, ლუვრისთვის, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დაწყებული გახმაურებული ძარცვით, დასრულებული თანამშრომელთა მასშტაბური გაფიცვით, არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, რომელმაც საფრანგეთის მთავრობას დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ უბიძგა. ხელისუფლებამ ლუვრის რესტავრირების ასობითმილიონიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ნაწილობრივ არაევროპელი ვიზიტორებისთვის გაზრდილი საფასურით დაფინანსდება.
შედეგად, 2026 წლის 14 იანვრიდან ბილეთის ფასი ევროკავშირისა და შენგენის ზონის გარეთ მყოფი ყველა პირისთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის, 45%-ით, 32 ევრომდე გაიზრდება. ამჟამად ლუვრში ვიზიტის ღირებულება 22 ევროა. საფრანგეთის მთავრობის მიერ ლუვრის რემონტისა და სხვა განახლებებისთვის წარდგენილი გეგმის სავარაუდო ღირებულება კი 700-დან 800 მილიონ ევრომდეა. ბილეთის ფასების ეს ზრდა ხარჯების ნაწილობრივ დასაფარად გამოიყენება, რაც დაახლოებით 13-დან 17 მილიონ ევრომდეა, რადგან ლუვრის ვიზიტორთა 69% ევროკავშირისა და შენგენის ზონის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან მოდის.
მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი მუზეუმი ოქტომბრის თვეში გახმაურებული ძარცვის სამიზნედ იქცა. მძარცველებმა ლუვრიდან დაახლოებით 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები წაიღეს — მათ შორის იყო დიადემა დედოფალ მარი-ამელისა და დედოფალ ორტენზიას სამკაულების ნაკრებიდან და ყელსაბამი დედოფალ მარი-ამელისა და დედოფალ ორტენზიას საფირონის სამკაულების ნაკრებიდან. ძარცვის ოპერაცია სულ 7 წუთს გაგრძელდა, რამაც ლუვრის უსაფრთხოების სისტემის განახლების აუცილებლობის საკითხი დასვა.
ამას ერთვის ლუვრის თანამშრომლების მიერ ივნისში დაწყებული მასშტაბური გაფიცვები, რის მიზეზადაც გაუარესებული სამუშაო გარემო, უსაფრთხოების პრობლემები და ვიზიტორებით მუზეუმის გადატვირთვა იქცა. გაფიცვები დღემდე გრძელდება, რის გამოც ლუვრი პერიოდულად შეფერხებით მუშაობს.
ნოემბერში კი ლუვრის ეგვიპტოლოგიის სექციაში წყლის გაჟონვის შედეგად, 300-ზე მეტი ხელნაწერი, მანუსკრიპტი და სამეცნიერო დოკუმენტი დაზიანდა. ეს კიდევ ერთი მინიშნება გახდა მთავრობისთვის, რომ ნაგებობა გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა.
ლუვრის მუზეუმი დაახლოებით 73,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში 35,000 ხელოვნების ნიმუშია დაცული, რომელთაგან უძველესი 9,000 წელზე მეტი ხნისაა. მუზეუმში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი სტუმრობს და მათი უმეტესობა დათვალიერებაზე 2-დან 4 საათამდე ხარჯავს. პანდემიის დროს ლუვრმა ონლაინმუზეუმიც შექმნა, რომელსაც 71 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ათი მილიონი ადამიანი ეწვია, თუმცა ფიზიკურ მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა არ შემცირებულა. საინტერესოა, რომ ვიზიტორთა 80% ლუვრში ძირითადად „მონა ლიზას“ სანახავად სტუმრობს.















