ტრამპი ირანში რეპრესიებზე პასუხს განიხილავს | თეირანი აცხადებს, რომ აშშ-სთან კომუნიკაცია ღიაა

ტრამპი ირანში რეპრესიებზე პასუხს განიხილავს | თეირანი აცხადებს, რომ აშშ-სთან კომუნიკაცია ღიაა

ოფიციალური თეირანის განცხადებით, ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ღია კომუნიკაციის არხებს ინარჩუნებს, რადგან პრეზიდენტი ტრამპი, ქვეყანაში არეულობის ესკალაციის შემთხვევაში, რეაგირებით იმუქრება. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა და დასძინა, რომ ის ქვეყნის ოპოზიციურ მხარესთან კონტაქტზე იმყოფება.

28 დეკემბრის შემდეგ ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთაც ქვეყნის ხელისუფლება სისხლიანი დარბევებით ებრძვის. ამასთან ერთად, 8 იანვრის შემდეგ, რაც ირანის მასშტაბით 177 საპროტესტო კერა დაფიქსირდა, ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა გათიშულია. დემონსტრაციები, რომლებიც თავდაპირველად ეკონომიკური კრიზისის გამო დაიწყო, მალევე, თეოკრატიული წყობილების დამხობის მოთხოვნაში გადაიზარდა.

„ჩვენს საგარეო მინისტრ აბას არაღჩისა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ (სტივ ვიტკოფს) შორის კომუნიკაციის არხები ღიაა და საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინებები იცვლება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაეიმ. მისივე თქმით, საკომუნიკაციო არხები ასევე ღია რჩება ტრადიციული შუამავლის, შვეიცარიის მეშვეობით. როგორც ბაგაეიმ აღნიშნა, აშშ-მა გარკვეული იდეებიც წამოჭრა, თუმცა მათი „წინააღმდეგობრივი მესიჯები“ დამაჯერებელი არ არის. მეორე მხრივ კი, „ისლამური რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელსაც მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია“.

თეირანში უცხოელი ელჩებისთვის გამართულ ბრიფინგზე არაღჩიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისლამური რესპუბლიკა მზად იყო ომისთვის, მაგრამ ასევე ღია იყო დიალოგისთვისაც.

უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, ირანში, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულია 490 მომიტინგისა და 48 სამართალდამცველის გარდაცვალების ფაქტი, ამასთან ერთად დაკავებულია 10,000-ზე მეტი ადამიანი. თუმცა არაოფიციალური წყაროების მტკიცებით, აღნიშნული რიცხვები გაცილებით უფრო მაღალია.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ირანის ხელისუფლება დაუკავშირდა და მოლაპარაკებებზე შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. ტრამპის თქმით, ის თეირანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა არსებობს შანსიც, რომ არსებული მოვლენების გამო, შეხვედრამდე აშშ-ს მოქმედებაზე გადასვლა მოუწიოს.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანის საკითხის განსახილველად, ტრამპმა მრჩევლებთან შეხვედრა სამშაბათისთვის დანიშნა. როგორც Wall Street Journal-ი წერს, რეაგირების შესაძლო ვარიანტებს შორისა სამხედრო დარტყმები, სანქციების გაფართოება და ანტისამთავრობო წყაროებისთვის ონლაინდახმარების გაწევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაშინგტონი უკვე გააფრთხილა თეირანმაც. ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაკერ კალიბაფმა აშშ-ს მოუწოდა, შეცდომების დაშვებისგან თავი შეიკავოს და დასძინა, რომ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიები (ისრაელი), ასევე აშშ-ის ყველა ბაზა და გემი მათთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება. ამასთან ერთად, ირანის ხელისუფლებამ, აშშ და ისრაელი ქვეყანაში არეულობის ესკალაციაშიც დაადანაშაულა.