ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სატელევიზიო მიმართვისას პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. რადევი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს უკვე ცხრა წელია იკავებს, გადადგომის თაობაზე ოფიციალურ განაცხადს დღეს, 20 იანვარს წარადგენს.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და წინა მთავრობის გადადგომის ფონზე, რადევის გადაწყვეტილება ამყარებს ეჭვებს, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებასა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც მმართველობა პარლამენტის, მინისტრთა საბჭოსა და პრემიერ-მინისტრის ხელშია, პრეზიდენტს კი ძირითადად საცერემონიო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.
„ჩვენი დემოკრატია ვერ გადარჩება, თუ მას კორუმპირებული ფიგურების, გამრიგებლებისა და ექსტრემისტების ხელში დავტოვებთ. ჩვენ უკვე ვართ შენგენისა და ევროზონის წევრები, თუმცა რჩება კითხვები: რატომ არ მოუტანა მიზნების მიღწევამ ჩვენს ქვეყანას სტაბილურობა და კმაყოფილება; რატომ აცხადებენ ბულგარელები უარს ხმის მიცემაზე; რატომ არ ენდობიან ისინი სასამართლო სისტემასა და მედიას; რატომ ხდება, რომ ევროპულ ბულგარეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს ღარიბად და დაუცველად გრძნობს?“ — განაცხადა რადევმა მიმართვისას.
მრავალწლიანი პოლიტიკური კრიზისისა და კოალიციების სწრაფი დაშლის გამო, პრეზიდენტობის პერიოდში რადევს შვიდი დროებითი მთავრობის დანიშვნა მოუწია. რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციებიც ვიხილეთ. ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებდნენ, თუმცა მოთხოვნები მოგვიანებით მაღალი თანამდებობის პირების გადადგომით შეიცვალა.
ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის ხელმძღვანელობით ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს არა მხოლოდ ბულგარეთის საშინაო საქმეები, არამედ მისი საგარეო პოლიტიკაც. რადევის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავდება წინა მთავრობების ხედვისგან, რის გამოც ანალიტიკოსები და ოპონენტები მას ხშირად „პრორუსულს“ უწოდებენ.
გამოსვლისას რადევი ამ საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ბულგარელი პოლიტიკოსების ნაწილი, საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის, ქვეყნის საზღვრებთან მიმდინარე სახიფათო ომის ფონზე საფრთხეს უქმნის მოქალაქეების მშვიდობიან ცხოვრებას და ხელყოფს იმ სამოქალაქო თუ ეთნიკურ სტაბილურობას, რომელსაც ის ბულგარელ ხალხთან ერთად ინარჩუნებს.
ცნობისთვის, ბულგარეთი ოფიციალურად ევროზონის წევრი 2026 წლის პირველ იანვარს გახდა. თუმცა ამ თარიღამდე რამდენიმე კვირით ადრე რადევმა ერთიანი ევროპული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, რაც პარლამენტმა უარყო. რადევმა ეს ფაქტი მოსახლეობისთვის არჩევანის უფლების ჩამორთმევად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართება და 2021 წლიდან მოყოლებული რიგით მეშვიდე იქნება. პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა შეასრულებს.















