ევროკავშირი განიხილავს ტარიფების დაწესებას €93 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საქონელზე იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს და რამდენიმე ევროპულ ქვეყანას პირველი თებერვლიდან 10%-იან გადასახადს დააკისრებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის წარმომადგენლები ამ კვირის ბოლოს ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ. ბლოკი ტარიფების გარდა დამატებითი ზომების შემუშავებაზეც მუშაობს, თუმცა თავდაპირველად აშშ-სთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზით შეეცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფები ამერიკულ სამრეწველო საქონელს შეეხება, მათ შორის: Boeing Co.-ს თვითმფრინავებს, აშშ-ში წარმოებულ ავტომობილებსა და ბურბონს.
კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დანიასა და გრენლანდიას მხარდაჭერა გამოუცხადა და დასძინა, რომ ბლოკის ქვეყნები მზად არიან „დაიცვან თავი ნებისმიერი ფორმის იძულებისგან“. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შაბათს ტრამპმა პირველი თებერვლიდან რვა ევროპული ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი ტარიფი დააანონსა, რომელიც ივნისში 25%-მდე გაიზრდება, თუ „გრენლანდიის შესყიდვის“ შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა.
ტრამპის ტარიფები გავრცელდება დანიაზე, ნორვეგიაზე, შვედეთზე, საფრანგეთზე, გერმანიაზე, დიდ ბრიტანეთზე, ნიდერლანდებსა და ფინეთზე. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამდე ამ ქვეყნებმა გრენლანდიაში ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ათეულობით ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ განაცხადეს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტრამპის განცხადებას „მიუღებელი“ უწოდა, ხოლო შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „შანტაჟის“ მსხვერპლი არ გახდება. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გეგმავს, ევროკავშირისგან ბლოკის ყველაზე ძლიერი სავაჭრო საპასუხო მექანიზმის, ე.წ. ანტიიძულებითი ინსტრუმენტის გააქტიურება მოითხოვოს.
გარდა ამისა, ევროკავშირი აშშ-სთან ივლისში მიღებული შეთანხმების დამტკიცების პროცესსაც შეაჩერებს, რომელსაც ძალაში შესვლისთვის ევროპარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. შეთანხმების რატიფიცირების დაბლოკვაში სხვა პარტიებს ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფი, „ევროპის სახალხო პარტიაც“ (EPP) შეუერთდება.
აღნიშნული სავაჭრო შეთანხმებით, ევროკავშირი ამერიკულ პროდუქტებზე თითქმის ყველა ტარიფის მოხსნას დათანხმდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან საექსპორტო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე 15%-იანი ტარიფი, ფოლადსა და ალუმინზე კი 50%-იანი გადასახადი განისაზღვრა.













