„ზოოტოპია 2“ ჰოლივუდის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა

„ზოოტოპია 2“ ჰოლივუდის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა

ამერიკული ანიმაცია „ზოოტოპია 2“ გასული წლის ნოემბრის პრემიერის შემდეგ რეკორდებს ამყარებს. Walt Disney Animation Studios-ის ნამუშევარი 2013 წლის შემდეგ სტუდიის რიგით მეხუთე ფილმია, რომლის შემოსავალმაც მილიარდიანი ნიშნული გადალახა, ამასთან ერთად კი, ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციაა. გარდა ამისა, „ზოოტოპია 2“ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში მეცხრე ადგილზეა.

კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან სულ რაღაც 17 დღეში, გლობალურ სალაროებში „ზოოტოპია 2“-ის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. ამ დროისთვის, Walt Disney Animation Studios-ის ანიმაციური ფილმის შემოსავალი, გლობალურად, $1.7 მილაირდს აღწევს. შედეგად, „ზოოტოპია 2“-მა გადაასწრო წინა რეკორდსმენს, „თავდაყირა 2“-ს, რომელმაც $1.69 მილიარდის შემოსავალი დააგროვა.

გლობალურ სალაროებში დაგროვებული $1.7-მილიარდიანი შემოსავლის მიუხედავად, „ზოოტოპია 2“ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან ანიმაციას, „ნე ჭა 2“-ს. ჩინელი რეჟისორის, იუ იანგის ნამუშევარი კინოთეატრებში ასევე 2025 წელს გამოჩნდა და $2.2 მილიარდი გამოიმუშავა. აღნიშნული ანიმაციაც 2019 წლის ფილმის გაგრძელებაა. ცნობისთვის, „ნე ჭა 2“-ის შემოსავლის უმეტესი ნაწილი ჩინეთის ბაზარზე მოდის, სადაც „ზოოტოპია 2“-მა $618.9 მილიონის გამომუშავება შეძლო.

შედეგად, „ნე ჭა 2“ მსოფლოს ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო „ზოოტოპია 2“ მე-9 ადგილზეა. ათეულში ხვდება კიდევ ერთი ანიმაცია, „თავდაყირა 2“.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების განახლებულ რეიტინს:

  1. ავატარი (2009) – $2.92 მილიარდი
  2. შურისმაძიებლები: დასასრული (2019) – $2.79 მილიარდი
  3. ავატარი: წყლის გზა (2022) – $2.25 მილიარდი
  4. ტიტანიკი (1997) – $2.26 მილიარდი
  5. ნე ჭა 2 (2025) – $2.21 მილიარდი
  6. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება (2015) – $2.07 მილიარდი
  7. შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2018) – $2.05 მილიარდი
  8. ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის (2021) – $1.92 მილიარდი
  9. ზოოტოპია 2 (2025) – $1.70 მილიარდი
  10. თავდაყირა 2 (2024) – $1.69 მილიარდი

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური ფილმების განახლებული რეიტინგი:

  1. ნე ჭა 2 (2025) – $2.21 მილიარდი
  2. ზოოტოპია 2 (2025) – $1.70 მილიარდი
  3. თავდაყირა 2 (2024) – $1.69 მილიარდი
  4. გაყინული 2 (2019) – $1.45 მილიარდი
  5. სუპერმარიო ბრაზერსის ფილმი (2023) – $1.36 მილიარდი
  6. გაყინული (2013) – $1.31 მილიარდი
  7. სუპეროჯახი 2 (2018) – $1.24 მილიარდი
  8. მინიონები (2015) – $1.15 მილიარდი
  9. სათამაშოების ისტორია 4 (2019) – $1.07 მილიარდი
  10. სათამაშოების ისტორია 3 (2010) – $1.06 მილიარდი