ფოტო: Mark Ralston/AFP via Getty Images
2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში აშშ-ის სავაჭრო ბრუნვამ $4.7 ტრილიონი შეადგინა. გასული წელი აშშ-ისა და მისი სავაჭრო პარტნიორებისათვის საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რისი მიზეზიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ გლობალური ტარიფების დაწესება და ამ ტარიფებთან დაკავშირებული სავაჭრო მოლაპარაკებების წარმოება იყო. ორმხრივი მოლაპარაკებების ნაწილი წარმატებით დასრულდა, ნაწილზე კი შეთანხმება ვერ მიიღწა. თუმცა წარმატებით დასრულებაც იმას ნიშნავს, რომ ტარიფების მოცულობის დარეგულირება მოხდა და არა სრულად გაუქმება. ცალკეულ შემთხვევებში, კონკრეტული პარტნიორებისა და კონკრეტული პროდუქციისათვის კი ტარიფების ამოქმედება გადავადდა.
აშშ-ის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია. თუმცა, ბუნებრივია, აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობა ბლოკის ყველა წევრ სახელმწიფოსთან სხვადასხვა მასშტაბის აქვს. შესაბამისად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებით შეერთებულ შტატებს განსხვავებული სავაჭრო ბალანსი აქვს.
სტატიაში წარმოდგენილია აშშ-ის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგი, რომელიც აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს ეფუძნება.
როგორც აღვნიშნეთ, აშშ-ის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია. ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ $883.3 მილიარდი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი გერმანიაზე ($196.4 მილიარდი), ირლანდიასა ($140.8 მილიარდი) და ნიდერლანდებზე ($108.7 მილიარდი) მოდის.
საინტერესოა, რომ 2025 წლის აგვისტოში აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო საქონლის უმეტესობაზე 15%-მდე ტარიფები დაწესდა. თუმცა ფოლდსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფებისგან გამონაკლისი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ შეეხო. აღნიშნული ტარიფები გლობალურად თითქმის უცვლელი დარჩა.
აშშ-ის მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი მექსიკაა. 2025 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $731.2 მილიარდი შეადგინა. რეიტინგის მესამე ადგილს $606.7-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვით კანადა იკავებს. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აშშ-ის მეზობლები სავაჭრო უპირატესობებით სარგებლობენ, რაც უმეტესწილად ტრანსპორტირების დაბალ დანახარჯებში გამოიხატება.
აშშ-ის მეოთხე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია. ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვა ზემოთ აღნიშნულ პერიოდში $357.2 მილიარდი იყო. ამ პერიოდში აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა ჩინეთთან $175.4 მილიარდი შეადგინა, რაც ჩინეთიდან იმპორტის 26.7%-იანი შემცირების შედეგია.
| რეიტინგი | ქვეყანა/რეგიონი | სავაჭრო ბრუნვა | წილი სრულ ვაჭრობაში |
| 1 | ევროკავშირი | $883.3B | 18.8% |
| 2 | მექსიკა | $731.2B | 15.6% |
| 3 | კანადა | $606.7B | 12.9% |
| 4 | ჩინეთი | $357.2B | 7.6% |
| 5 | ტაივანი | $201.1B | 4.3% |
| 6 | იაპონია | $190.7B | 4.1% |
| 7 | ვიეტნამი | $170.5B | 3.6% |
| 8 | სამხრეთი კორეა | $162.1B | 3.5% |
| 9 | შვეიცარია | $154.3B | 3.3% |
| 10 | გაერთიანებული სამეფო | $133.5B | 2.8% |
წყარო: Census Bureau















