ინდოეთმა და EU-მ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს | საქონელზე ტარიფები შემცირდება

ინდოეთმა და EU-მ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს | საქონელზე ტარიფები შემცირდება

ფოტო: Sajjad Hussain/AFP/Getty Images

 

ინდოეთმა და ევროკავშირმა ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად საქონლის უმეტესობაზე ტარიფები შემცირდება. ეკონომისტები აღნიშნულ შეთანხმებას ორმხრივად მოგებიანს უწოდებენ, განსაკუთრებით იმ გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე, რომელიც სახელმწიფოებს აშშ-სთან აქვს.

შეთანხმების შედეგად პროგნოზირებულია, რომ 2032 წლისთვის ევროკავშირიდან ინდოეთში ექსპორტი გაორმაგდება. ამის მისაღწევად კი მხარეებმა მიაღწიეს გარიგებას, რომ სავაჭრო საქონლის ჯამური ღირებულების 96.6%-ზე ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდება ან სრულად გაუქმდება. ამ გზით კი ევროპული კომპანიები საგადასახადო ვალდებულებების სახით $4.75 მილიარდს დაზოგავენ.

მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ინდოეთი ევროპულ ავტომობილებზე ტარიფებს 110%-დან 10%-მდე შეამცირებს. გარდა ამისა, ინდური ტარიფები 150%-დან 75%-მდე, მოგვიანებით კი 20%-მდე შემცირდება ევროპულ ალკოჰოლურ სასმელებზეც.

სანაცვლოდ, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ევროკავშირი ტარიფებს შეამცირებს ინდური სავაჭრო საქონლის სრული ღირებულების 99.5%-ზე. ინდოეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ტარიფები სრულად გაუქმდება ინდოეთიდან ევროკავშირში იმპორტირებულ საზღვაო პროდუქციაზე, ტყავსა და ტექსტილზე, ასევე ქიმიურ პროდუქტებზე, საბაზო მეტალებზე, ძვირფას ქვებსა და სამკაულებზე.

ინდოეთისა და ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქტები, როგორებიცაა სოია, საქონლის ხორცი, შაქარი, ბრინჯი და რძის პროდუქტები, სავაჭრო შეთანხმების ფარგლებს გარეთ დარჩა.

ევროკავშირსა და ინდოეთს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა უკვე თითქმის ორი ათწლეულია, მიმდინარეობს, თუმცა ამ პროცესს რაიმე გარდამტეხი ცვლილება აქამდე არ მოჰყოლია. აღნიშნული გარიგების დადებას ხელი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ ზოგიერთ ინდურ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფების დადებამ შეუწყო.

2025 ფისკალურ წელს ინდოეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ $136.5 მილიარდი შეადგინა. შედარებისათვის, ინდოეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვა იმავე  პერიოდში $132 მილიარდი იყო, ჩინეთსა და ინდოეთს შორის კი – $128.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.