ფოტო: Getty Images
მსოფლიო ყოველ წელს სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რისკის წინაშე დგება, რაც შემდეგ მისი განვითარების ტემპებს განაპირობებს. ამაზე მრავალი ფაქტორი ახდენს, დაწყებული ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებიდან, დამთავრებული ომის შემდგომი პერიოდის ეკონომიკური წყობით.
შესაბამისად, ყველა ფაქტორს თან სდევს საკუთარი რისკი. სტატიაში ყველაზე დიდ რისკებს, რომელთა წინაშეც 2026 წელს მსოფლიო დგას. მონაცემები აღებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გლობალური რისკების 2026 წლის ანგარიშიდან. ანალიზის მაქსიმალური ობიექტურობისთვის, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური რისკების შესახებ შეფასება 1,300-მდე ექსპერტისგან მიიღო.
სია კი ექსპერტების მიერ შემდეგ კითხვაზე გაცემული პასუხის შესაბამისად შედგა: გთხოვთ, დაასახელოთ ერთი რისკი, რომელსაც ფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი გლობალური მასშტაბის მატერიალური გავლენა ექნება 2026 წელს. კვლევა 2025 წლის 12 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა.
რესპონდენტების 18%-მა ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე პასუხად გეოეკონომიკური კონფრონტაცია დაასახელა. შესაბამისად, ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მთავარი რისკის წინაშე დგას მსოფლიო 2026 წელს.
ბუნებრივია, აღნიშნული რისკის სიის სათავეში მოხვედრას ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოში არსებული ვითარებაც. ეს რისკი ბოლო ორი წლის განმავლობაში ორი პოზიციით დაწინაურდა, რისი მიზეზიც ახლო-აღმოსავლეთში მუდმივი დაძაბულობა და პერიოდული კონფრონტაცია, უკრაინის ომი და სხვა ლოკალურ-რეგიონული კონფლიქტებია, რომელთაც გლობალურ ეკონომიკაზეც დიდი გავლენა აქვს. ამას ემატება ბოლო პერიოდში აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიერთებასთან დაკავშირებული დაძაბულობა და ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავება.
ჩამონათვალში მეორე ადგილზე სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტებია. აღნიშნული პასუხი რესპონდენტის 14%-მა გასცა. ეს გასაკვირი არ არის, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მსოფლიო მასშტაბით 59 აქტიური სახელმწიფო მასშტაბის კონფლიქტია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი მაჩვენებელია.
სიის მესამე ადგილი მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებს უკავია, რაშიც ერთიანდება ყველაფერი დაწყებული გვალვებიდან, დამთავრებული ხანძრებით. აღნიშნული რისკი უმთავრეს გამოწვევად რესპონდენტთა 8%-მა დაასახელა. საინტერესოა, რომ მძიმე მეტეოროლოგიური პირობები პირდაპირ გავლენას ახდენს საკვების დეფიციტზე, იძულებით გადაადგილებასა და მაღალ სადაზღვევო პრემიებზე. კლიმატის ცვლილებასთან ერთად კი, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული რისკის ზეგავლენა გლობალურ პროცესებზე, კიდევ უფრო დიდი იქნება.
| რისკი | რისკად დასახელების მაჩვენებელი |
| გეოეკონომიკური კონფრონტაცია | 18% |
| სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტები | 14% |
| მძიმე მეტეოროლოგიური პირობები | 8% |
| საზოგადოების პოლარიზაცია | 7% |
| მისინფორმაცია და დეზინფორმაცია | 7% |
| ეკონომიკური დაღმასვლა | 5% |
| ადამიანის და სამოქალაქო უფლებების შელახვა | 4% |
| AI-ტექნოლოგიების უარყოფითი შედეგები | 4% |
| კიბერსაფრთხეები | 3% |
| უთანასწორობა | 3% |















