სტატიის წარმდგენია ინერი, პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ავტორი: სოსო დოლიძე, ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი
ფსიქოთერაპია იწყება დაპირებით: პაციენტის ფსიქიკური ტანჯვა იქნება მოსმენილი პასუხისმგებლობით და ემპათიით, და თერაპიული სამუშაო წარიმართება პაციენტის ღირსების გათვალისწინებით. ეთიკა კი ამ ყველაფრის არქიტექტურას წარმოადგენს. ის მეტია ვიდრე უბრალოდ შედგენილი წესები, ეთიკა ქმნის საიმედო და დაცულ სივრცეს, სადაც ხდება თერაპიული ცვლილება. თერაპია წარმოუდგენელია საიმედო საზღვრების გარეშე.
თერაპიული ეთიკის კუთხით მრავალი თემის განხილვაა შესაძლებელი: კონფიდენციალურობა, ინფორმირებული თანხმობა, ფსიქოთერაპევტის ფორმაცია, თერაპიის საფასური, უსაფრთხოება და მრავალი სხვა. ამ შემთხვევაში განვიხილოთ ისეთი საკითხი, როგორიცაა პაციენტის დაკვეთა თერაპიაზე, რომ თერაპიული პროცესი იყოს სასიამოვნო და თერაპევტის ეთიკური პაციენტის მოთხოვნისადმი. რამდენადაც თერაპიული პროცესი მოიაზრებს ძიებას, გაცნობიერებას, კათარსისს, ეს გულისხმობს, რომ თერაპიული პროცესში შესაძლოა მოიცავდეს პაციენტის ფრუსტრაციას, ბრაზს, უიმედობის განცდას და ა. შ.
თავდაპირველად განვიხილოთ რამდენიმე ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის დამფუძნებელი ფიგურის პოზიცია.
ზიგმუნდ ფროიდმა თერაპიაში შემოიტანა ნეიტრალურობის და შეკავების ეთიკა. ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ თერაპევტი იყოს ყინულივით ცივი. ის გულისხმობს, რომ თერაპევტი არ მიმართავს კლიენტს სასურველი პასუხისაკენ და არ ახვევს თავს პირად ღირებულებებს. ასევე, შეკავება არ უნდა გავიგოთ როგორც დეპრივაცია. ამ დროს თერაპევტი თავს არიდებს პაციენტის ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რომელიც ხელს უშლის ინსაიდს. ამ გაგებით, ხელის შემშლელი ფაქტორებია პაციენტისთვის მუდმივი რჩევების მიცემა, ოჯახურ კონფლიქტებში მუდმივი მხარდაჭერა და ა. შ. ნეიტრალურობა და თავშეკავება ქმნის სივრცეს ტრანსფერისთვის, სადაც პაციენტს მისი წარსული გამოცდილებები გადმოაქვს თერაპევტთან ურთიერთობაში და ხდება მისი ანალიზი.
ჟაკ ლაკანისთვის ეთიკა განხილულია სურვილის ასპექტში. თერაპია არ უნდა იყოს პროგრამა, სადაც თერაპევტი ცდილობს, რომ ყველა პაციენტი გახადოს „ნორმალური“. ეს არის პროცესი, სადაც ადამიანებს ეხმარებიან ნახონ თავისი სიმართლე. მიზანი არ არის პაციენტთათვის წინასწარ განსაზღვრული გადაჭრის გზების მორგება, თერაპიის მიზანია ხელი შეეწყოს თერაპიულ სივრცეს, სადაც პაციენტს ექნება საშუალება, ავთენტურად, სიტყვაში გააფორმოს თავისი სიმპტომი. თერაპევტისთვის კი ეს ნიშნავს ისეთი მაცდუნებელი როლების შეზღუდვას, როგორებიცაა: გურუ, სულიერი ლიდერი, ყველაფრის მცოდნე, გადამრჩენელი და ა. შ.
კარლ გუსტავ იუნგი ეთიკური საკითხების კვლევისას კიდევ უფრო შორს მიდის. ის თერაპიას უყურებს ორი მხარის (თერაპევტი და პაციენტი) შეხვედრას, სადაც ორივე მხარემ შესაძლოა განიცადოს ტრანსფორმაცია. თერაპევტმა, პირველ რიგში, უნდა გააანალიზოს საკუთარი ბნელი მხარეები, რომელსაც ჩრდილთან მუშაობა ეწოდება. ეს აუცილებელი პირობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში თერაპევტი დაცვითად იმოქმედებს და კლიენტებზე მოახდენს საკუთარი გადაუჭრელი შინაგანი კონფლიქტების პროექციას.
დავუბრუნდეთ თავდაპირველ საკითხს, პაციენტის მოთხოვნილებას, მოლოდინებს და თერაპევტის პასუხს. პროფესიონალისგან განსხვავებით, პაციენტებს არ მოეთხოვებათ ფსიქოთერაპიის ძირითადი პრინციპების ცოდნა. მათი უმეტესობის დაკვეთა თერაპიისადმი არის მარტივი: უბრალოდ თავი იგრძნონ კარგად. პაციენტი თერაპიაში დებს თავის ფინანსურ რესურსს, დროს და მოთხოვნებიც აქვს შესაბამისი.
ამავე დროს, თერაპია არ არის გასართობი ადგილი, ეს არის სამუშაო. ეთიკური თერაპია, პაციენტის სურვილის მიუხედავად ერთმანეთში არ ურევს სიამოვნებასა და ზრუნვას. თუ თერაპევტი მუდმივად ცდილობს ნებისმიერი დისკომფორტისგან თავის არიდებას, ამით პაციენტში მცირეხნიან კმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ არ დატოვებს სივრცეს განვითარებისთვის და გაცნობიერებისთვის. ფსიქოანალიტიკოს დონალდ ვინიკოტს შემოაქვს ოპტიმალური ფრუსტრაციის ცნება, სადაც თერაპევტი განსაზღვრავს შესაბამის დროს, დოზას და უსაფრთხოების შეგრძნებას, რომ თერაპიული პროგრესისთვის, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა განიცადოს ფსიქიკური დისკომფორტი.
სამწუხაროდ, თანამედროვე მარკეტინგი ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ ასპექტს. ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპანიები „ყიდიან“ თერაპიას, რომელიც გვპირდება გარანტირებულ სიმშვიდეს და მუდმივ პოზიტიურობას. ეთიკურმა თერაპევტმა კი პაციენტს უნდა შესთავაზოს მუშაობისადმი მზაობა, კონფიდენციალურობა, გულწრფელი კოლაბორაცია და არა მარადიული სიამოვნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თერაპიის მიზანი ის კი არ არის, ყველაფრის ხარჯზე თავი კარგად ვიგრძნოთ, არამედ გვქონდეს შესაძლებლობა უკეთ გავიცნოთ ჩვენი თავი, მოვახდინოთ პიროვნების სხვადასხვა ასპექტის ჰარმონიული ინტეგრაცია და ვიცხოვროთ მეტად სრულფასოვანი ცხოვრებით.








