საქართველოში მზარდი ანტიევროპული რიტორიკა თავს სუვერენიტეტისა და ტრადიციის დაცვის სახელით წარმოგვიდგენს, თუმცა მისი შინაარსი აშკარად იმეორებს ისტორიულად ნაცნობ პროპაგანდისტულ მოდელს — ბოლშევიკურ ნარატივს, რომელიც თავისუფლებას უცხო გავლენად ნათლავდა, ხოლო თვითიზოლაციას ეროვნული ღირსების ფორმად წარმოაჩენდა.
ამ ნარატივისგან პრინციპულად განსხვავდებოდა 1918 წლის საქართველოს პოლიტიკური და ინტელექტუალური არჩევანი. იმ ეპოქის ქართველები — სახელმწიფოებრივი აზროვნების, კულტურისა და განათლების ლიდერები — ევროპას არ აღიქვამდნენ საფრთხედ. მათი ევროპულობა იყო გააზრებული, ღირსეული და თავისუფლებაზე დაფუძნებული.
სწორედ ამ სულისკვეთებას გამოხატავს ახლად დაარსებული უნივერსიტეტის ფრანგული ენის ლექტორის, ელისაბედ ორბელიანის სიტყვა, წარმოთქმული 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის გახსნისას:
„აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზროვნებასთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ“.
ეს განცხადება არ არის ემოციური დეკლარაცია. უნივერსიტეტის გახსნა თავად განიმარტებოდა როგორც ქართული კულტურის „შეწყვეტილი ძაფის ხელახლა შეკვრა“. ევროპასთან ინტელექტუალური და კულტურული დაახლოება არ ნიშნავდა ეროვნული იდენტობის დათმობას — პირიქით, ეს იყო მისი განმტკიცებისა და განვითარების გზა.
ელისაბედ ორბელიანი გვახსენებს, რომ საქართველო ჯერ კიდევ XIV–XV საუკუნეებში ევროპულ სამყაროსთან აქტიურ ურთიერთობაში იყო; რომ ბოლო ასწლეულის იძულებითმა მოწყვეტამ დაგვაკარგვინა დრო, რომლის დაბრუნება აუცილებელი გახდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პირდაპირი მითითება: საფრანგეთის 1789 წლის იდეების გარეშე, 1918 წლის თავისუფალი ქართული უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა.
ამ ისტორიულ კონტექსტში დღევანდელი ანტიევროპული რიტორიკა ვეღარ გამოიყურება როგორც ეროვნული ინტერესის დაცვა. როდესაც ევროპა წარმოჩნდება როგორც „უცხო“, „მტრული“, „ეროვნული თვითმყოფადობის დამანგრეველი“ ან „მორალურად დამღუპველი“, ეს უკვე არა სუვერენიტეტის დაცვა, არამედ ისტორიული ცნობიერების უარყოფაა.
ევროპა საქართველოსთვის არასოდეს ყოფილა მბრძანებელი ძალა. ის იყო იდეების, განათლებისა და თავისუფლების სივრცე, რომლისკენაც საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა, როცა საკუთარი სახელმწიფოებრივი სუბიექტობის გაძლიერება სურდა. სწორედ ამ გზაზე იდგნენ ილია ჭავჭავაძე, 1918 წლის უნივერსიტეტის დამფუძნებლები და ის თაობა, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა.
თუ დღეს თავს მათ მემკვიდრეებად ვაცხადებთ, ვალდებულნი ვართ ვიმოქმედოთ არა მითებითა და შიშებით, არამედ ისტორიული ცნობიერებით. ანტიევროპული კაკოფონია კი ამ ეროვნული ცნობიერების დაცვა არ არის — ის მისი უარყოფაა.
***
ელისაბედ ორბელიანის სიტყვა, წარმოთქმული 1918 წელს უნივერსიტეტის გახსნაზე:
„ბატონებო! დიდი მღელვარებით აღსავსე გამოვდივარ თქვენ წინაშე, რადგანაც გათვალისწინებული მაქვს ამ წუთის სიდიადე და განსაკუთრებულად ვაფასებ იმ პატივს, რომელიც წილად მხვდა მე.
ვხსნით ჩვენს საკუთარ ქართულ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს.
აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზროვნებასთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ. ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში რომი გვიგზავნიდა მისიონერებს. მე-15 საუკუნეში ჩვენ ვუახლოვდებით საფრანგეთს… უკანასკნელმა ასმა წელმა ძალაუნებურად დაგვაშორა საფრანგეთის აზროვნების თავისუფალ აღორძინებას. ახლა საჭიროა დაკარგული დროის მოგებაც.
ბედნიერად ვთვლი ჩემ თავს, რომ მოვალეობად მარგუნეს, თქვენ ფრანგული შეგასწავლოთ, რათა ენის საშუალებით გაეცნოთ, იგემოთ მისი გენიოსების ნაწერები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საფრანგეთის 1789 წლის წყალობითაა, რომ 1918 წელს გვაქვს თავისუფალი ქართული უნივერსიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აზრი თქვენც გიწინამძღვრებთ და აღგაფრთოვანებთ“.
მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი.













