ილონ მასკის Grok-მა ვებგვერდზე ტრაფიკით ჩინურ DeepSeek-ს გაუსწრო

ილონ მასკის Grok-მა ვებგვერდზე ტრაფიკით ჩინურ DeepSeek-ს გაუსწრო

ფოტო: Muhammed Selim Korkutata/Anadolu via Getty Images

 

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის xAI-ის მიერ შექმნილმა AI-ჩატბოტმა Grok-მა იანვარში ვებგვერდზე ტრაფიკით ჩინურ კონკურენტ DeepSeek-ს გადაასწრო. Similarweb-ის მონაცემებით, ვებგვერდზე ტრაფიკით, Grok-ი ახლა რიგით მესამე ჩატბოტია და ამ მომენტისთვის მხოლოდ ChatGPT-სა და Gemini-ს ჩამორჩება.

Similarweb-ის მონაცემებით, იანვარში, მსოფლიო მასშტაბით, Grok-ის ვებგვერდზე 314 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც მკვეთრი ზრდაა წინა თვის 271.2 მილიონ ვიზიტთან შედარებით. Grok-ის ვებგვერდზე ტრაფიკი ზედიზედ უკვე მეოთხე თვეა, რაც იზრდება. პარალელურად, იანვარში, DeepSeek-ზე 298.3 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც დეკემბრის ტრაფიკთან, 328.9 მილიონთან შედარებით, შემცირებულია. Similarweb-ის მონაცემებით, Grok-ის აქტივობის ზრდა ახალი მომხმარებლების ზრდით არის განპირობებული. მაგალითად, იანვარში უნიკალური ვიზიტორების ნახევარზე ოდნავ მეტი, 53.8%, ახალ მომხმარებელზე მოდიოდა.

ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს შორის, ვებგვერდზე ტრაფიკით, OpenAI-ის შემუშავებული ChatGPT კვლავ აშკარა ლიდერია. იანვარში ChatGPT-ის ვებგვერდზე 5.7 მილიარდი ვიზიტი დაფიქსირდა, ხოლო იმავე პერიოდში Google-ის Gemini-ის ვებგვერდს მომხმარებლები 2.1-მილიარდჯერ ესტუმრნენ. Similarweb-ის მონაცემებით, Anthropic-ის Claude-ი იანვარში მეხუთე ყველაზე მონახულებადი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი იყო – 202.9 მილიონი ვიზიტით.

ცნობისთვის, Grok-ის შემთხვევაში, Similarweb-ის შეფასება მხოლოდ ჩატბოტის დამოუკიდებელ ვებგვერდზე დაფიქსირებულ ტრაფიკს ითვალისწინებს და არა X-ში ინტეგრირებული Grok-ის გამოყენებას.

Similarweb-ის თანახმად, ბოლო თვეებში გაიზარდა Gemini-ს გამოყენება, ხოლო ChatGPT-ის ტრაფიკის ზრდა, პირიქით, შენელდა. ChatGPT-ის ვებგვერდზე ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის ივლისსა და 2026 წლის იანვარში თანაბარი იყო და 5.7 მილიარდს უტოლდებოდა, ხოლო ამ ექვსთვიან პერიოდში Gemini-ს გამოყენება სამჯერ გაიზარდა — 700 მილიონი ვიზიტიდან 2.1 მილიარდამდე. Similarweb-ის თანახმად, იანვარში Gemini ყველაზე სწრაფად მზარდი ჩატბოტიც იყო, ყოველთვიური 19%-იანი ზრდის ტემპით.