ფოტო: Valentyn Ogirenko/Reuters
ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, ჰერმან ჰალუშჩენკოს, ფულის გათეთრებისა და კრიმინალურ ჯგუფში ჩართულობისთვის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ჰალუშჩენკო უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) დეტექტივებმა 15 თებერვალს, საზღვრის კვეთისას დააკავეს.
НАБУ-სა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) განცხადებით, ე.წ. „მიდასის“ საქმესთან დაკავშირებულ ეჭვმიტანილთა წრე გაფართოვდა. ჰალუშჩენკოს, რომელიც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას 2021-2025 წლებში იკავებდა, ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ ორგანიზაციაში ჩართულობას ედავებიან. გამოძიების თანახმად, კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა 2021 წლის თებერვალში კუნძულ ანგილიაზე ფონდი დაარეგისტრირეს, რომლის მიზანიც 118 მილიონი ევროს „ინვესტიციების“ მოზიდვა იყო. ბიუროს ინფორმაციით, ინვესტორებს შორის იყო ჰალუშჩენკოს ოჯახიც.
НАБУ-ს განცხადებით, ინვესტიციებიდან 8.8 მილიონ ევროზე მეტი ჰალუშჩენკოს ოჯახის კონტროლქვეშ არსებული ფონდის ანგარიშზე გადაირიცხა. ასევე, დამატებით 1.3 მილიონზე მეტი შვეიცარიული ფრანკი (1.8 მილიონი ევრო) და 2.4 მილიონი ევრო, ნაღდი ფულის სახით, პირდაპირ გადაიგზავნა ჰალუშჩენკოს შვეიცარიაში მყოფ ოჯახის წევრებთან.
თანხის ნაწილი შვეიცარიის წამყვან უნივერსიტეტებში ჰალუშჩენკოს შვილების სწავლის დაფინანსებას მოხმარდა, ნაწილი კი მისი ყოფილი მეუღლის ანგარიშებზე განთავსდა. დარჩენილი თანხა, სავარაუდოდ, დამატებითი შემოსავლის მისაღებად და ოჯახის პირადი მოხმარებისთვის განაწილდა. НАБУ-ს გამოძიებით, თანხები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის კრიპტოვალუტითა და ფონდში „ინვესტიციებით“, გათეთრდა.
ჰალუშჩენკო 2021 წლიდან 2025 წლამდე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2025 წლის ივლისში იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. უკრაინის მთავრობამ გასული წლის ნოემბერში, კორუფციის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების დასრულებამდე, ჰალუშჩენკო დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა. ჰალუშჩენკოს ოფიციალურად წაყენებულ ბრალდებებზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ანტიკორუფციული უწყებების მიერ ენერგოსექტორში ფართომასშტაბიანი კორუფციის სქემის გამოძიების ფარგლებში, ჰალუშჩენკოს გარდა ბრალი კიდევ რვა პირს აქვს წარდგენილი. საქმე 100 მილიონი აშშ დოლარის კორუფციული სქემის ორგანიზებას შეეხება, რომელშიც, უკრაინელი გამომძიებლების ინფორმაციით, მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. გამოძიების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მოკავშირე და თანამოაზრე, ტიმურ მინდიჩი, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
















