Reuters: ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი თებერვალში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს

Reuters: ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი თებერვალში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს

ფოტო: Getty Images

 

ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი ზედიზედ მესამე თვეა, რაც ახალ რეკორდულ ნიშნულებს აფიქსირებს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ტრეიდერებისა და გემების მონაცემების საფუძველზე წერს და აღნიშნავს, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების შემცირების ფონზე, მოსკოვისთვის ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი სახელმწიფო ახლა ჩინეთია.

Vortexa Analytics-ის წინასწარი შეფასებით, ჩინეთში რუსული ნავთობის მიწოდება თებერვლისთვის დღიურად 2.07 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც იანვრის პროგნოზირებულ მონაცემებზე, 1.7 მილიონ ბარელზე, მეტია. პარალელურად, Kpler-ის წინასწარი მონაცემებით, თებერვალში დღიური იმპორტი 2.083 მილიონ ბარელამდე უნდა გაიზარდოს. Kpler-ის შეფასებებიც იანვრის პროგნოზირებულ 1.718 მილიონ ბარელზე მეტია.

ნოემბრიდან მოყოლებული, საზღვაო გადაზიდვებით რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველი, ინდოეთის ნაცვლად, ჩინეთია. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დასავლეთის სანქციებმა და აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა ნიუ-დელი აიძულა, დეკემბერში რუსული ნავთობის იმპორტი უკანასკნელ 2-წლიან მინიმუმამდე შეემცირებინა. Kpler-ის წინასწარი შეფასებით, თებერვალში ინდოეთში ნედლი რუსული ნავთობის იმპორტი კიდევ უფრო, დღიურად 1.159 მილიონ ბარელამდე შემცირდება.

ამავდროულად, ჩინეთში რუსული ნავთობის ფასები იანვარ-თებერვლის პერიოდში მიწოდებისას, ICE Brent-ის ნიშნულთან შედარებით, ბარელზე 9-11 დოლარით შემცირდა. ეს წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია „ურალის“ ტიპის რუსული ნავთობისთვის, რომელიც ევროპული პორტებიდან იტვირთება და, შესაბამისად, ინდოეთს უფრო მცირე დროსა და მოკლე მარშრუტით მიეწოდება, ვიდრე ჩინეთს.

დამოუკიდებელი ჩინური ნავთობგადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც „ჩაიდნების“ სახელით არიან ცნობილნი, აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსული, ირანული და ვენესუელური ნავთობის მსოფლიოში უმსხვილესი მომხმარებლები არიან. Vortexa-ს ანალიტიკოსის, ემა ლის შეფასებით, აშშ-ირანს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მსგავსი კომპანიებისთვის რუსული ნავთობი ბევრად უფრო სანდოა და, ამავდროულად, ხარისხიანიც.

Vortexa-ს შეფასებით, ჩინეთში ირანული ნავთობის მიწოდება, რომელსაც აშშ-ის სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით ხშირად ტრეიდერები მალაიზიურს უწოდებენ, ამ თვეში დღიურად 1.03 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც იანვრის 1.25 მილიონ ბარელზე ნაკლებია.