მიტანის სერვისი Yandex Eats-ი საქართველოს ბაზრიდან გადის

მიტანის სერვისი Yandex Eats-ი საქართველოს ბაზრიდან გადის

Yandex-ის მიტანის სერვისი Yandex Eats-ი საქართველოს ბაზრიდან გადის. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის ოპერაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლარიამ გაავრცელა.

ჭოლარიას განმარტებით, გადაწყვეტილება უკავშირდება გლობალურ სტრატეგიულ ცვლილებას, რომლის ფარგლებში ადგილობრივ ბაზარზე ოპერაციები შეჩერდა.

„საქართველოში Yandex Eats-ის ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩემი საქმიანობა დასრულდა, რაც ადგილობრივი ოპერაციების შეწყვეტაზე მიღებულ გლობალურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ვამაყობ იმით, რაც შევქმენით. ჩვენ ბიზნესი სტრუქტურირებულ, შედეგებზე ორიენტირებულ ოპერაციად ჩამოვაყალიბეთ, მკაფიო ანგარიშვალდებულებითა და აღსრულების მაღალი სტანდარტებით.“ – დაწერა გიორგი ჭოლარიამ LinkedIn-ის საკუთარ გვერდზე.

ჭოლარიას თქმით, მიზანმიმართულობის, დისციპლინისა და თანმიმდევრული მართვის შედეგად, 2025 წელს საქართველოს ბაზარზე კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებს შორის საუკეთესო საოპერაციო მაჩვენებლები დააფიქსირა.

ცნობისთვის, Yandex Eats-ი წარმოადგენს Yandex Taxi-ის ნაწილს, რომელიც თავის მხრივ კომპანია Yandex-ს ეკუთვნის. სერვისი Yandex Go-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით არის ხელმისაწვდომი და ამ დროისთვის ოპერირებს რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და უზბეკეთში.

შეგახსენებთ, Yandex Eats-ი ქართულ ბაზარზე 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით უზრუნველყოფდა. მოგვიანებით, 2025 წლის ივნისში, მან ბათუმშიც დაიწყო ოპერირება. რაც შეეხება Yandex Taxi-ს, ის ქვეყანაში 2016 წლის აგვისტოდან ოპერირებს.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები კომპანიის გლობალური გადაწყვეტილებისა და საქართველოს ბაზარზე შემდგომი პროცესების შესახებ არ გავრცელებულა.