აზერბაიჯანის სასამართლომ რუბენ ვარდანიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

აზერბაიჯანის სასამართლომ რუბენ ვარდანიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ფოტო: APA

 

აზერბაიჯანის სასამართლომ ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ მაღალჩინოსანს, სომეხ მილიარდერ რუბენ ვარდანიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა. გადაწყვეტილება ბაქოს სამხედრო სასამართლომ მიიღო.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ვარდანიანი 42 ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, მათ შორის ტერორიზმის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მუხლებით. აზერბაიჯანის პროკურატურა რუბენ ვარდანიანისთვის სამუდამო პატიმრობას, სხვა ოფიციალური პირების ნაწილისთვის კი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რუბენ ვარდანიანი 2022 წლის ნოემბრიდან არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2023 წლის სექტემბერში, სომხეთში გადასვლის მცდელობისას დააკავეს. ბაქო მას და სხვა ყოფილ ოფიციალურ პირებს უკანონო შეიარაღებული ფორმირების ლიდერებად მიიჩნევს. თავად ვარდანიანი აცხადებდა, რომ ყარაბაღს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის უფლება აქვს.

ერევანში დაბადებულმა რუბენ ვარდანიანმა ქონება რუსეთში დააგროვა, სადაც ერთ-ერთი პირველი საინვესტიციო ბანკი, Troika Dialog-ი, დააარსა და მოსკოვში ბიზნესმენეჯმენტის სკოლა შექმნა. Forbes-ის შეფასებით, მისი და მისი ოჯახის საერთო ქონება დაახლოებით 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.