უკრაინამ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სანქციები პასუხია ლუკაშენკოს მოქმედებებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერას უკავშირდება. „ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ყველა იმ ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომლითაც ის ხელს უწყობს უკრაინელების მკვლელობას. ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა ამას გლობალური ეფექტი ჰქონდეს,“ – განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოს რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე დრონების მართვის რელე-სისტემების ქსელი განათავსა, რამაც ჩრდილოეთ უკრაინულ ოლქებზე, მათ შორის კიევსა და ვოლინზე, იერიშების შესაძლებლობა გააფართოვა. ზელენსკის თქმით, აღნიშნულმა სისტემებმა შესაძლებელი გახადა ენერგეტიკულ და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, რომლებიც სხვაგვარად „შეუძლებელი იქნებოდა“.
მისივე განცხადებით, 3 000-ზე მეტი ბელარუსული კომპანია რუსეთს აწვდის დანადგარებსა და კომპონენტებს, მათ შორის ისეთ ნაწილებსაც, რომლებიც რაკეტების წარმოებაში გამოიყენება. ასევე, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურას აშენებს „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტის სამომავლო განთავსებისთვის, რაც, ზელენსკის შეფასებით, „არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის აშკარა საფრთხეა“.
„ლუკაშენკო საკმაოდ დიდი ხანია ცვლის ბელორუსის სუვერენიტეტს პირადი ძალაუფლების გაგრძელების სანაცვლოდ, ეხმარება რუსებს ამ აგრესიის გამო გლობალური სანქციების გვერდის ავლაში, აქტიურად ამართლებს რუსეთის ომს და ახლა კიდევ უფრო ზრდის საკუთარ მონაწილეობას ომის გაფართოებასა და გახანგრძლივებაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბელარუსის მიმართ გარკვეული ამერიკული სანქციების შემსუბუქება დაიწყო. ვაშინგტონსა და მინსკს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად რამდენიმე პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. გარდა ამისა, ბელარუსი მიიწვიეს ტრამპის მიერ შექმნილ ე.წ. „ღაზის სამშვიდობო საბჭოში“, რომელიც გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობას ისახავს მიზნად.











