ფოტო: Yandex Georgia
Yandex Georgia-ს ცნობით, ინფორმაცია Yandex Go-ის კვების სერვისის საქართველოდან გასვლის შესახებ, რომელიც მედიაში კომპანიის ოპერაციების მიმართულების აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ჭოლარიას განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„Food-სერვისი აგრძელებს მუშაობას საქართველოში, ჩვენ ვახორციელებთ მარკეტინგისა და ოპერაციების მართვის რესურსების ოპტიმიზაციას გარკვეულ მიმართულებებში, რათა პრიორიტეტი მივანიჭოთ ყველაზე ეფექტიანებს,“ – წერია Forbes Georgia-სთვის Yandex Georgia-ს პრესსამსახურის მიერ მიწოდებულ მასალაში.
შეგახსენებთ, Yandex Go-ის კვების სერვისის საქართველოდან გასვლის შესახებ ინფორმაცია გიორგი ჭოლარიამ 17 თებერვალს გაავრცელა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება უკავშირდებოდა გლობალურ სტრატეგიულ ცვლილებას, რომლის ფარგლებში ადგილობრივ ბაზარზე ოპერაციები უნდა შეჩერებულიყო.
„საქართველოში Yandex Eats-ის ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩემი საქმიანობა დასრულდა, რაც ადგილობრივი ოპერაციების შეწყვეტაზე მიღებულ გლობალურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ვამაყობ იმით, რაც შევქმენით. ჩვენ ბიზნესი სტრუქტურირებულ, შედეგებზე ორიენტირებულ ოპერაციად ჩამოვაყალიბეთ, მკაფიო ანგარიშვალდებულებითა და აღსრულების მაღალი სტანდარტებით.“ – დაწერა გიორგი ჭოლარიამ LinkedIn-ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, Yandex Eats-ი წარმოადგენს Yandex Taxi-ის ნაწილს, რომელიც თავის მხრივ კომპანია Yandex-ს ეკუთვნის. სერვისი Yandex Go-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით არის ხელმისაწვდომი და ამ დროისთვის საქართველოს გარდა ოპერირებს რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და უზბეკეთში.
შეგახსენებთ, Yandex Eats-ი ქართულ ბაზარზე 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით უზრუნველყოფდა. მოგვიანებით, 2025 წლის ივნისში, მან ბათუმშიც დაიწყო ოპერირება. რაც შეეხება Yandex Taxi-ს, ის ქვეყანაში 2016 წლის აგვისტოდან ოპერირებს.
„Yandex Georgia გთავაზობთ ონლაინ ტაქსის, მიტანის და კვების სერვისებს, სკუტერის გაქირავების სერვისს, ასევე გეო და გასართობ სერვისებს. გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს საქველმოქმედო მგზავრობისა და მიტანის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც უკვე დაახლოებით 10 000 მგზავრობა შესრულდა,“ – აღნიშნულია Yandex Georgia-ს განცხადებაში.









