სამი წლის შემდეგ პარლამენტში ისევ ლაპარაკობენ სურსათის ფასების რეგულირებაზე. მაშინდელ ინიციატივას არაფერი მოჰყოლია და კვლავ უცნობია, რა გზას დაადგება მთავრობა ამჯერად. საქართველო პირველი ქვეყანა სულაც არაა, რომელიც ფასების რეგულირებას ცდილობს. რა შეიძლება გამოვიდეს აქედან?
ავტორი: ტატო კოკაია
საქართველოში ფასების საერთო დონის სტაბილურობაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, კარტელური გარიგებების აღკვეთაზე კი – კონკურენციის სააგენტო. თუმცა 22 იანვარს სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში მაღალი ფასის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს–ი) და საგამოძიებო სამსახურები შევიდნენ.
სამართალდამცველებმა კომპანიებიდან „საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“ დოკუმენტები ამოიღეს. კომპანიებს ხმამაღალი პროტესტი არ გამოუთქვამთ – მათ თქვეს, რომ დასამალი არაფერი არა აქვთ, დოკუმენტაცია ისედაც გამჭვირვალეა და საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებენ.
ყველაფერი ერთი თვით ადრე დაიწყო. 24 დეკემბერს, ახალი წლის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე, „ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ საქართველოში ზოგ სასურსათო პროდუქტზე ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე დასავლეთ ევროპის მდიდარ ქვეყნებში.
ირაკლი კობახიძემ სამართალდამცველ უწყებებს მოუწოდა, ეს საკითხი შეესწავლათ და პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა. იმავე საღამოს, სუს–ში თქვეს, რომ იწყებენ „თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას“, რასაც, შეიძლება, „მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს“. რამდენიმე დღეში შეიქმნა სამთავრობო კომისიაც, რომელიც მინისტრებისგან, სუს–ის უფროსისგან და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელისგან შედგება.
რაღა ახლა?
დიდი ხანია, სოციოლოგიურ გამოკითხვებში ჩანს, რომ მაღალი ფასები და ინფლაცია საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ–ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხია.
ბოლო დროს საჯაროდ ხელმისაწვდომი სოციოლოგიური გამოკითხვები იშვიათია, მაგრამ თუ გასული წლების მონაცემებს ჩახედავთ, ეს პრობლემა თვალშისაცემი იქნება.
მაგალითად, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევაში, რომელიც ერთი წლის წინ ჩატარდა, ყველაზე მეტი გამოკითხული (46,6%) ქვეყნის მთავარ პრობლემად მაღალ ფასებს ასახელებს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ გასულ წელიწადში ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვლილიყო. მაღალი ფასების საკითხი განსაკუთრებით მწვავე 2022 წლიდან გახდა, გლობალური პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ.
სწრაფი ინფლაცია მაშინ თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო და გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. 2022 წელს საქართველოში სურსათის ფასებზე საშუალო თვიური ზრდა 17,5%-ს აღწევდა. შედარებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, ევროპის ცენტრალური ბანკის კი – 2%.
2023 და 2024 წლებში სურსათის ფასები შედარებით დასტაბილურდა და საშუალო თვიური ზრდა, შესაბამისად, 2,9% და 0,4%-მდე ჩამოვიდა, თუმცა 2025 წელს ფასებმა მკვეთრი მატება განაგრძო და სურსათზე საშუალო თვიურმა ინფლაციამ 7,6%-ს მიაღწია.
ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკითხი, რომელიც 2025 წლის დასაწყისში მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებდა, იმავე წლის ბოლოს ნაკლები ადამიანისთვის გამხდარიყო მნიშვნელოვანი.
24 დეკემბრის განცხადებაში „ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრმა ისრები სუპერმარკეტებისა და დისტრიბუტორებისკენ მიმართა – მისი სიტყვიდან გამომდინარეობდა, რომ საქართველოში სურსათზე ფასები მაღალია და ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ეს კომპანიები ზედმეტად დიდ მოგებას იჯიბავენ.
„ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია.
ამასთან, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-იდან 13.5 პროცენტამდე მერყეობს“, – დასძინა მან.
ირაკლი კობახიძემ ასევე ჩამოთვალა პროდუქტები, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოში უფრო ძვირია, ვიდრე საფრანგეთში – იმავე მარკის მზესუმზირის ზეთი – 34%-ით, მაკარონი – 97%-ით, ბრინჯი კი 180%-ით უფრო ძვირიაო.
პრემიერ–მინისტრის თანახმად, ამის განმაპირობებელი ქსელური სუპერმარკეტების მიერ დაწესებული რამდენიმე სახის მაღალი გადასახადია – მაღაზიის საკომისიო, პროდუქციის კონკრეტულ მაღაზიაში შესვლის საფასური, საოპერაციო თანხის დაგვიანება, ახალი მაღაზიის გახსნის ფასში ასახვა. დასასრულ კი მთავრობის მეთაურმა ეჭვი გამოთქვა, რომ „ბაზრის მოთამაშეები, შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებენ“.
ბაზარი
საქართველოს სასურსათო ბაზარზე თანდათანობით იზრდება ქსელური სუპერმარკეტების წილი, რომლებიც სტაბილური ტემპით ანაცვლებენ ვაჭრობის ტრადიციულ საშუალებებს – უბნის მაღაზიებსა და აგრარულ ბაზრებს.
თიბისი ბანკის ანალიტიკური ინსტიტუტის, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2025 წელს ქსელურ მაღაზიებზე სურსათის ბაზრის 38% მოდიოდა, ტრადიციულ ბაზრებზე კი – 62%. მათი პროგნოზით, 2027 წლისთვის ქსელური მაღაზიების წილი 44%-მდე უნდა გაიზარდოს, მაშინ როცა 2019 წელს 29%-ს არ აღემატებოდა.
შედარებისთვის, იმ ქვეყნებში, რომლებიც ირაკლი კობახიძემ მოიყვანა მაგალითებად, სრულიად განსხვავებული სიტუაციაა – გერმანიაში ქსელური მარკეტები ბაზრის 84%-ს შეადგენს, საფრანგეთში – 70%-ს.
სამაგიეროდ, ქართული სუპერმარკეტების ქსელებს შორის ბაზრის განაწილება ფაქტობრივად არ განსხვავდება იქ არსებული მოცემულობისგან. საქართველოში ხუთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ქსელზე ბაზრის 76% მოდის (გალტ & ტაგარტი, 2025 წლის პირველი ცხრა თვე), მაშინ როცა გერმანიაში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს, საფრანგეთში კი – 85%-ს.
ეს ასახულია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დღემდე არსებულ ერთადერთ კვლევაში, რომელიც ამ ბაზრის შესახებ ჩატარდა – დოკუმენტის თანახმად, არ გამოვლენილა ბაზარზე მოთამაშეთა ცალკეული ან ჯგუფური დომინაცია.
მოგება, მარჟა და ფასნამატი
ირაკლი კობახიძის ვიდეომიმართვა სავსე იყო სტატისტიკური მონაცემებით. თავისთავად, მის მიერ მოყვანილი პარამეტრები არასწორი არ ყოფილა, პრობლემა მონაცემების ინტერპრეტაციაშია.
როცა ის ამბობს, რომ პროდუქტის ფასნამატი „საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“, პრემიერ–მინისტრი არ ითვალისწინებს, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს და სუპერმარკეტების ქსელებს ბევრი ხარჯის გაწევა უწევთ, რისი დაბალანსებაც ფასნამატით ხდება. ამის გამოკლებით, მათი მოგება ძალიან შორსაა 86%-ისგან.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა რიჟამაძე, Forbes Georgia-სთან საუბრისას რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რაც პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში დისტრიბუტორებისთვის ხარჯების ზრდას წარმოშობს.
პირველყოვლისა, ეს მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, რაც კომპანიებისთვის აუცილებელია ხარჯების დასაფარად იქამდე, სანამ გაყიდული პროდუქციის ანაზღაურებას მიიღებენ.
მაგალითისთვის, პური ავიღოთ, რომელიც თქვენს უახლოეს მაღაზიაში ყოველდღე მიაქვთ, შეიძლება დღეში ორჯერაც კი. მაგრამ იცოდით, რომ მწარმოებელი დღეს ჩაბარებული პურის თანხას ორთვე-ნახევარში მიიღებს? ასეთ პირობებში, იზრდება დამოკიდებულება ბანკზე, პარალელურად, გაზრდილია საპროცენტო განაკვეთებიც.
ფასზე გავლენა აქვს სავალუტო რყევებსაც. 2025 წელს ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა და წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სტაბილურ კურსს ინარჩუნებდა, მაგრამ განსხვავებული მდგომარეობა იყო ევროსა და რუბლის შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ 2025 წელს რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მეოთხე საიმპორტო პარტნიორი იყო, ეს უკანასკნელი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ბევრი საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი საქართველოში რუსეთიდან შემოდის.
„მაგალითისთვის, „სნიკერსი“ შემოდის რუსეთიდან, რადგან ევროპიდან ძვირი ჯდება და ცენტრალური ოფისი გავალდებულებს, რომ რუსეთიდან წაიღო“.
„მსხვილი ტრანზაქციისას, მცირე რყევა დიდ სხვაობას იძლევა. ეს რისკები თუ არ დააზღვიეს კომპანიებმა, ზოგი შეიძლება გაკოტრებამდეც მივიდეს“, – უთხრა Forbes Georgia-ს ლაშა რიჟამაძემ.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს დისტრიბუტორებისთვის ემატება ლოჯისტიკური ხარჯებიც, როგორიცაა რყევები საწვავის ფასში, გაზრდილი საპარკინგე ჯარიმები თუ სხვა.
თავის მხრივ, თავისი ხარჯები აქვთ სუპერმარკეტებსაც. შედეგად, მათი მოგების მარჟა იმაზე დაბალია, ვიდრე კობახიძე ამტკიცებს, როცა ამბობს, რომ ზოგ მათგანს 7%, 8% თუ 14%-იანი მოგება რჩება.
ყველაზე მოგებიანი სუპერმარკეტების რეიტინგი, რომელიც Forbes Georgia-მ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოაქვეყნა 2024 წლის ფინანსურ ანგარიშებს ეყრდნობა. მონაცემებში ჩანს, რომ „აგროჰაბსა“ და „ფრესკოს“ მართლაც აქვთ მოგების 8% და 7%-იანი მარჟა, თუმცა ისინი გამონაკლისს წარმოადგენენ და არა წესს.
ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სუპერმარკეტის ქსელის საბაზრო წილის მიხედვით შეწონილი მოგების საშუალო მარჟა 0,2%-ს არ აღემატება, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება კობახიძის მიერ დასახელებულ რიცხვებს.
„ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრმა, ერთი მხრივ, აიღო ევროპული სუპერმარკეტების გასაშუალოებული მოგების მარჟა, მეორე მხრივ კი ის შეადარა ყველაზე მოგებიანი ქართული სუპერმარკეტების მოგების მარჟას, მათი გასაშუალოების გარეშე. დიდი განსხვავებაც მხოლოდ ასე მიიღო.
იგივე ეხება ფასებს კონკრეტულ პროდუქტებზე. ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა რამდენიმე პროდუქტი, რომელიც, მისი თქმით, საფრანგეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. კობახიძეს არ დაუსახელებია, კონკრეტულად რა სახის და რა ბრენდის ზეთზე, მაკარონზე თუ ბრინჯზე საუბრობდა.
საქმე ისაა, რომ შეიძლება „რიტერშპორტის“ შოკოლადის ერთი ფილა ჰამბურგის „ლიდლში“ უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე თბილისის „ევროპროდუქტში“. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე გერმანიაში. მეტიც – არც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შოკოლადი უფრო ძვირი ღირს.
ვებგვერდ NUMBEO-ს თანახმად, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების ფასის შედარებაა შესაძლებელი, საქართველოში ცხოვრების ხარჯები ბევრად დაბალია, ვიდრე ევროპაში.
პორტალზე ერთი ადამიანის ცხოვრების ყოველთვიური ხარჯი საქართველოში 1545 ლარადაა შეფასებული, საფრანგეთში – 2958 ლარად, გერმანიაში კი – 3170 ლარად. ხოლო თუ ერთი კილო ქათმის ფილეს ფასი საქართველოში საშუალოდ 16 ლარია, გერმანიაში იგივე საშუალოდ 35 ლარი და 7 თეთრი დაგიჯდებოდათ, საფრანგეთში კი – 39 ლარი და 7 თეთრი.
თუ ამის კითხვისას ფიქრობთ, რომ საქართველოში თვეში 1500-ლარიანი შემოსავალი ბევრს არა აქვს და არსებული ფასების დონით უამრავ ადამიანს უჭირს თავის გატანა, თქვენ არ ცდებით. მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი არა იმდენად მაღალი ფასებია, რამდენადაც დაბალი შემოსავლები.
მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი, რისი გათვალისწინებაც გვმართებს ფასებზე საუბრისას. ლოჯისტიკა, ვალუტა და საპროცენტო განაკვეთები მიწოდების ნაწილია, რაც ამბის მხოლოდ ნახევარზე მოგვითხრობს. მეორე ნახევარი კი მოთხოვნაა – ის, რაც გვიჩვენებს, თუ რისი გადახდისთვის არის მზად მომხმარებელი კონკრეტულ პროდუქტში.
ეკონომისტები განმარტავენ, რომ საქართველოში ბაზარი სეგმენტირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც შეუძლია და თანახმაა, გარკვეული პროდუქტის სანაცვლოდ დიდი ფასი გადაიხადოს, თუნდაც იმაზე მეტი, ვიდრე ევროპაში. მაშ, რაღატომ შეამცირებს ფასს გამყიდველი?
სხვა საკითხია, რომ ასეთი მომხმარებელი საქართველოში იმაზე ცოტაა, ვიდრე ვისურვებდით.
ფასების ზრდა გრძელდება
„როდესაც რაღაცას ყიდი, გინდა, რომ გაყიდო უფრო ძვირად. როდესაც რაღაცას ყიდულობ, გინდა, რომ იყიდო უფრო იაფად, ეს არის ადამიანის ბუნება და ამას ვერაფერს მოუხერხებ. ამას ვერ შეცვლის ირაკლი კობახიძე ან მამუკა მდინარაძე“, – ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია.
ეს, თითქოს, მარტივი ჭეშმარიტება უნდა იყოს, ამიტომაც ბევრს ეუცნაურა „სმარტის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას ნათქვამი. 21 იანვარს, სახელმწიფო კანცელარიაში სპეციალურ სამთავრობო კომისიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფასების დაწევას მიესალმება.
მომხმარებლები ნამდვილად შეიძლება მივესალმებოდეთ ფასების დაწევას, მაგრამ სუპერმარკეტების ქსელის გენერალური დირექტორი?
კანცელარიაში გამართული შეხვედრიდან თითქმის ორი კვირის თავზე სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის იანვრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც გასულ თვეში სურსათის ფასები 2,9%-ით გაიზარდა, ანუ იმაზე ოდნავ მეტად, ვიდრე შარშან ამ დროს.
თებერვლის დასაწყისში, როცა ჩვენ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის დირექტორს, ლაშა რიჟამაძეს ვესაუბრეთ, მან გვითხრა, რომ გასულ ერთ თვეში სასურსათო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, გარდა ერთისა. ზოგ შემთხვევაში სუპერმარკეტების ქსელები მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში დისტრიბუტორებთან ყოველწლიური კონტრაქტების განახლებას არ ჩქარობენ. თუმცა ზოგ შემთხვევაში პირობები უკვე განახლდა, რაც, ტრადიციისამებრ, გაზრდილ ფასებს გულისხმობს.
6 თებერვალს კი მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ოთხმა წევრმა – „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ – ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლითაც გვაუწყეს, რომ „პრემიერ–მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით“ კვერცხის ფასს 5%-ით ამცირებენ – 6-ლარიან შეკვრაში ამიერიდან 5 ლარს და 70 თეთრს გადაიხდით.
ირაკლი კობახიძის თავდაპირველი განცხადებიდან თითქმის თვე-ნახევრის თავზე მთავრობას არ განუმარტავს, რა ზომებს გაატარებს სურსათზე ფასების შესამცირებლად – მთავრობამ მხოლოდ ის დააანონსა, რომ დასკვნებს აპრილში გამოიტანს, როცა შესაბამისი კომისიები მუშაობას დაასრულებენ.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სტრატეგიული ბუნდოვანება და ამ ფონზე სამართალდამცველების აქტიური ჩართულობა ეკონომისტთა ნაწილში ეჭვს ბადებს, რომ მთავრობა ბიზნესზე ზეწოლას ცდილობს.
„ეს ნიშნავს კონტროლსა და დაშინებას. აქედან მეტი არაფერი ჩანს. ერთი მეწარმე არ გამოჩნდა, რომელიც იტყოდა, თქვენ ვინ გეკითხებათ, მე ჩემს შაქარს და ბრინჯს რა ფასად გავყიდიო. [მთავრობის მხრიდან] ეს არის ფორმა, რომელიც მიანიშნებს, აქ მე ვარ ყველაფერი და მე ვაკონტროლებო“, – ამბობს აკაკი ცომაია.
როგორ იქცეოდნენ სხვაგან?
საქართველოს მთავრობა პირველი ნამდვილად არაა, ვინც სურსათის ბაზარში ჩარევას ცდილობს. ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს პრაქტიკა მაინცდამაინც არადემოკრატიულ ქვეყნებს ახასიათებს.
მაგალითისთვის, 2022 წლის ინფლაციური შოკის ფონზე, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მიმართა სხვადასხვა ზომას, რათა თავისი მოსახლეობისთვის სურსათის ფასების მკვეთრი მატების შედეგები შეემსუბუქებინა.
ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, პოლონეთმა და ბულგარეთმა, სურსათზე დამატებითი ღირებულების გადასახადი დროებით შეამცირა ან სულაც გააუქმა.
რუმინეთში, სადაც დღგ ისედაც დაბალი იყო, მთავრობამ შიმშილობის რისკის ქვეშ მყოფ 3 მილიონ ადამიანს (მოსახლეობის 16%) საკვების ელექტრონული ვაუჩერები დაურიგა.
საბერძნეთმა დღგ–ის შემცირებაზე ან გაუქმებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მთავრობა მნიშვნელოვან შემოსავალს დაკარგავდა. სანაცვლოდ, სუპერმარკეტები დაავალდებულა, გარკვეულ პროდუქტებზე ფასები შეემცირებინათ და მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს ფინანსური დახმარება გაუწია.
2022 წლის ნოემბერში საბერძნეთის მთავრობამ წარმოადგინა „სასურსათო კალათი“, რომელშიც 31 კატეგორიის პროდუქტი შედიოდა, მაგალითად, პური, რძე, ხორცი ან მაკარონი. მთავრობამ სუპერმარკეტების ქსელებს დაავალა, რომ თითოეულ კატეგორიაში მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ფასდაკლებული პროდუქტები, რომლებიც სარეკლამო ბრუშურებსა და ინტერნეტში თვალსაჩინოდ უნდა გამოეჩინათ. 2023 წლის თებერვალში კი მთავრობამ 6-თვიანი სქემა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების სურსათის ხარჯების 10%-ს ფარავდა (მაქსიმუმ 220 ევრო).
დღგ–ის შეკვეცაზე უარი თქვა საფრანგეთმაც, ოღონდ იმ მოტივით, რომ ამით სინამდვილეში სუპერმარკეტების ქსელები იხეირებენ და მათი მოგება ისე გაიზრდება, რომ მომხმარებლებს ფასებს არ შეუმცირებენო. 2023 წლის მარტში საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სუპერმარკეტებთან შეთანხმებას მიაღწიეს სამი თვის განმავლობაში გარკვეული პროდუქტების ფასების შემცირებაზე. „კარფურმა“ მთავრობას დაასწრო და იქამდე თავად გამოაცხადა, რომ 15 მარტიდან 15 ივნისამდე 200 პროდუქტის ფასს გაყინავდა.
ფასების გაყინვას მიმართა უნგრეთმაც. თავდაპირველად, ვიქტორ ორბანის მთავრობამ 2022 წლის იანვარში გამოაცხადა, რომ ექვსი პროდუქტის ფასს 2021 წლის დონეზე ყინავდნენ, სექტემბერში კი ეს სია გააფართოვა და ძალაში დატოვა 2023 წლის ივნისის ბოლომდე.
უნგრეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ამ ნაბიჯს საკვების ფასებზე დადებითი გავლენა არ ჰქონია და სურსათზე ინფლაცია სულაც 3-4%-ით გაიზარდა, რადგან მაღაზიებმა გარკვეულ პროდუქტებზე გაყინული ფასები სხვა საქონლის გაძვირებით დააბალანსეს.
ეკონომისტებში დიდი ხანია არსებობს კონსენსუსი, რომ ფასების კონტროლმა მხოლოდ მოკლე ვადაში შეიძლება იმუშაოს და გრძელვადიან პერსპექტივაში ის ფუჭია.
2019 წელს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორმა ალბერტო კავაიომ ეკონომისტ დიეგო აპარისიოსთან ერთად გამოაქვეყნა კვლევა არგენტინაში 2007-2015 წლებში ფასების კონტროლის პოლიტიკაზე. ამ პერიოდში, მაღალი ინფლაციის ფონზე, არგენტინის პერონისტულმა მთავრობამ არაერთ ზომას მიმართა, რათა ფასების სწრაფი ზრდა შეეჩერებინა. ძირითადად, ეს გულისხმობდა სუპერმარკეტების ქსელებთან შეთანხმებას გარკვეული ვადით გარკვეული პროდუქტების ფასების გაყინვაზე.
კვლევის ავტორები დასკვნაში წერენ, რომ ფასების კონტროლი არაეფექტიანი აღმოჩნდა ორი მიზეზის გამო: 1) კონტროლის შემსუბუქებისთანავე, პროდუქტებზე ფასები უმალ იზრდებოდა, 2) გარკვეულ საქონელზე გაყინულ ფასებს სუპერმარკეტები სხვა პროდუქტზე ფასის მატებით აკომპენსირებდნენ.
„უადგილო სპეკულაციები“
სავარაუდოდ, აპრილამდე ვერ გავიგებთ, საქართველო რა გზას დაადგება, მაგრამ ვიცით, რას არ გააკეთებს – 25 იანვარს ირაკლი კობახიძემ დღგ–ის შემცირებაზე ლაპარაკს „უადგილო სპეკულაციები“ უწოდა.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა ფრანგულ მაგალითს მისდევს. სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება ეიმედებოდეთ ქართველ ბიზნესმენებს დამოუკიდებელი სასამართლოსი და შეკავება–გაწონასწორების სისტემის ისე, როგორც თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის ქვეყანაში.
ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ მთავრობის მიერ სამართალდამცველების საშუალებით ბაზრის საქმიანობაში ჩარევა უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე:
„თქვენ რომ გქონდეთ ბიზნესგეგმა, მაგალითად, გაგეხსნათ სადისტრიბუციო კომპანია, ან სასურსათო კომპანია, კვლავ განიხილავთ ამ იდეას? მეწარმე, რომელიც ფიქრობს ბიზნესის გაფართოებაზე, მინიმუმ დაფიქრდება ამ ნაბიჯთან დაკავშირებით“.
დეჟა–ვუ
„ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სასურსათო ბაზარზე ფასების რეგულირების პირველი მცდელობა არაა. 2023 წლის დასაწყისში, როცა ევროკავშირის ქვეყნები თავიანთი მოსახლეობის დასახმარებლად სხვადასხვა ზომას იღებდნენ, ამ საკითხის შესწავლა მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც გადაწყვიტა.
„მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავალი გზებით. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება. ეს არის არასწორი საქციელი. რაც არის გონივრული მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული“, – ეს განცხადება ზუსტად სამი წლის წინ გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„10 წელია, ამ მიმართულებით ვითხოვთ რეგულაციის მიღებას. 2-3 წლის წინ დაიწყო ფორსმაჟორულ რეჟიმში და ისე შეჩერდა, დღესაც არ ვფლობთ ინფორმაციას, რამ გამოიწვია ეს“, – ეს კი დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ გვითხრა სამი წლის თავზე.
დისტრიბუტორები საჯაროდ გამოხატავენ უკმაყოფილებას იმით, რასაც სუპერმარკეტების ქსელების უპირატეს პოზიციას უწოდებენ და სურთ, სახელმწიფომ ეს ურთიერთობა მათ სასარგებლოდ დაარეგულიროს. მათ სურთ, რომ ქსელებს აეკრძალოთ დისტრიბუტორებისთვის ახლად გახსნილ მაღაზიებში შესვლის საფასურის გამორთმევა, დაწესდეს მალფუჭებადი პროდუქციის საფასურის გადახდის ვადა და ე.წ. ქეშბექის, ანუ ქსელებისთვის წინასწარ გადასახდელი თანხის ზედა ზღვარი.
ეს გადასახადები ირაკლი კობახიძემ თავის ვიდეომიმართვაშიც ახსენა, მაგრამ ლაშა რიჟამაძე, რომელიც კანცლერიაში გამართულ შეხვედრას დაესწრო, ამბობს, რომ ამ საკითხებზე, რაც 2023 წელსაც იყო დასმული, კონკრეტულად ლაპარაკი არ ყოფილა.
გამოიწვევს თუ არა დისტრიბუტორების მოთხოვნის დაკმაყოფილება ფასების დაწევას? ამ კითხვის პასუხად თავად ისინი ამბობენ, რომ ასეთი ცვლილებების შედეგი ფასების გრძელვადიანი სტაბილურობა თუ იქნება (სტატიის მომზადებისას დავუკავშირდით რიტეილერების ასოციაციას, რომელიც სუპერმარკეტების ქსელების ინტერესებს წარმოადგენს. მათ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებენ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან)
მიუხედავად სახელმწიფო ჩარევის შესახებ მკაცრი განცხადებებისა და სექტორის წარმომადგენლების მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნისა, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სურსათის ფასებმა ზრდა მაინც განაგრძო. ეს მიანიშნებს, რომ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური სტიმულები და ხარჯების ფაქტორები კვლავ გადამწყვეტ როლს ასრულებს.
შეძლებს თუ არა მთავრობის მკაცრი ხელი ბაზრის უჩინარი ხელის გადაგრეხას – ამას მომხმარებელი პროდუქტის თაროებზე მომდევნო თვეებში ამოიკითხავს.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















