ფოტო: newsonair.gov
ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის გლობალური ფასი 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა. ორშაბათის, 9 მარტის მდგომარეობით, Brent-ის მარკის ნავთობის გლობალური საორიენტაციო ინდექსი ბარელზე $116.71-ს აღწევს, რაც პარასკევს სავაჭრო სესიის დახურვის ფასთან შედარებით 25%-ით მაღალია.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასთან ერთად, ორშაბათის მოცემულობით გაზრდილია აშშ-ის საორიენტაციო ნავთობის ინდექსი — West Texas Intermediate (WTI) და ბარელზე $115-ს უტოლდება. პარასკევთან შედარებით West Texas Intermediate-მა 26.64%-იანი მატება დააფიქსირა.
ნავთობის გლობალური ფასების ზრდას სოციალურ ქსელ Truth Social-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ტრამპის შეფასებით, ფასების ზრდა მხოლოდ მოკლევადიანი პროცესია და „ირანის ბირთვული საფრთხის სრულად განადგურების შემდეგ“, ნავთობზე გლობალური ფასი კვლავ სწრაფად დაეცემა.
ნავთობის გლობალური ფასის მატება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირების ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ ბლოკირებას უკავშირდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზომები უკვე მიიღეს რიგმა სახელმწიფოებმა. მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელმაც ნედლი ნავთობის მოპოვება შეაჩერა, ქუვეითი იყო. ქუვეითის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ნავთობკომპანია KPC-ზე ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოცხადდა.
ენერგოინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშების შემდეგ, თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების შეჩერების შესახებ განაცხადა კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია QatarEnergy-მაც, ხოლო ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა ბაჰრეინის BAPCO-მა. გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, ერაყმა ქვეყნის ძირითადი ნავთობსაბადოებიდან წარმოება 70%-ით შეამცირა.
ნავთობის ფასების ზრდასთან ერთად, ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აზიის ძირითად საფონდო ინდექსებზე. ორშაბათის მდგომარეობით, Nikkei 225 ინდექსი 5%-ზე მეტითაა დავარდნილი, ხოლო სამხრეთ კორეის KOSPI 6.2%-ით დაეცა. ინდოეთის Sensex ინდექსისა და ჰონგ-კონგის Hang Seng-ის შემთხვევაში, ვარდნა, შესაბამისად, 2.27%-სა და 1.61%-ს შეადგენს.















