ფოტო: ETMarkets.com
ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირების ესკალაციის ფონზე, ორშაბათის მდგომარეობით, უნციაზე ოქროს ღირებულება გლობალურად დაახლოებით 1%-ით დაეცა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გავლენით, იმის შანსი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს უახლოეს მომავალში კვლავ შეამცირებს, დაბალია, რაც აშშ დოლარის გამყარებასა და, შედეგად, ოქროს ფასის ვარდნაში გამოიხატება.
ორშაბათის, 9 მარტის მდგომარეობით, სესიის დაწყებისას ოქროს ფასი 1.5%-ით დაეცა და უნციაზე $5,092.89 შეადგინა. გარდა ამისა, დაახლოებით 1.1%-ითაა შემცირებული აპრილის მიწოდებისთვის განკუთვნილი ოქროს ფიუჩერსების ღირებულებაც და $5,101.00-ს უტოლდება.
ირან-ისრაელის დაპირისპირების ესკალაციით მკვეთრად დაეცა აზიის ძირითადი საფონდო ინდექსებიც. მაგალითად, ორშაბათის მდგომარეობით, Nikkei 225 ინდექსი 5%-ზე მეტითაა დავარდნილი, ხოლო სამხრეთ კორეის KOSPI 6.2%-ით დაეცა. შექმნილ ვითარებას ემატება ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რომელიც 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმზეა და ბარელზე $115-ს აჭარბებს.
პარალელურად, ინვესტორები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 17-18 მარტს დანიშნულ შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთებს სტაბილურად შეინარჩუნებს. Fed-მა განაკვეთების კლების გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო. შედეგად, საპროცენტო განაკვეთები უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე — 3.75%-4%-დან 3.5%-3.75%-მდე — შემცირდა.
ოქროს ღირებულებასთან ერთად, ორშაბათის მდგომარეობით, დაახლოებით 0.3%-თაა დავარდნილი ვერცხლის ფასი და უნციაზე $84.07-ს უტოლდება. დამატებით, სავაჭრო სესიის დაწყებისას უნციაზე ვერცხლის ღირებულება 5%-ზე მეტით შემცირდა. ვერცხლისა და ოქროს ფასის ვარდნის საპირისპიროდ, დაახლოებით 0.3%-ითაა გაზრდილი პლატინის ფასი და $2,141.38-ს შეადგენს, ხოლო პალადიუმმა 0.8%-ით მოიმატა და $1,638.75-ს მიაღწია.















