Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამმუშავებელმა კომპანია Reliance Industries Ltd-მა, მარტის მიწოდებისთვის, სულ მცირე, 6 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი შეიძინა. მედიასააგენტოს ცნობით, შესყიდვა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო რეგიონიდან ნავთობის მიწოდება შეფერხდა.
ტანკერებზე დატვირთული მილიონობით ბარელი რუსული ნავთობი დაჩქარებული წესით შეიძინეს ინდოეთის სხვა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმაც. შესყიდვების განხორციელება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ვაშინგტონმა, გამონაკლისის სახით, ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის 30-დღიანი ნებართვა მისცა. აშშ-ის ნებართვა იმ ტვირთს შეეხება, რომელიც ტანკერებზე 5 მარტამდე პერიოდში იყო დატვირთული.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსული „ურალის“ ტიპის ნავთობი Reliance-მა Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ღირებულებით შეიძინა — ნაწილი 1-დოლარიანი ფასდაკლებით, ხოლო ნაწილი Brent-ის ფასზე 1 დოლარით ძვირად.
ცნობისთვის, ინდოეთი მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორია. ქვეყანა ნავთობის დაახლოებით 40%-ს ახლო აღმოსავლეთიდან, ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს. რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, ამ დრომდე ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ბლოკირებულია. ინდოეთის ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვები მიმდინარე წელს, აშშ-სთან ახალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მკვეთრად შეამცირეს.
შეგახსენებთ, Reliance Industries-ის მფლობელი და თავმჯდომარე ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანია. ამბანის ქონება, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, 99.2 მილიარდ დოლარს უტოლდება, რაც მას ინდოეთის უმდიდრეს ადამიანად აქცევს.













