ფოტო: oilandgasiq.com
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) წევრი სახელმწიფოები სტრატეგიული რეზერვებიდან რეკორდული, 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლებაზე შეთანხმდნენ. IEA-ს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რაც ნავთობის გლობალური ფასების ზრდასა და რეგიონიდან მიწოდების შეფერხებას იწვევს, საგანგებო რეზერვების ბაზარზე განთავსებას მხარი 32-ვე წევრმა ერთხმად დაუჭირა.
IEA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის განცხადებით, ნავთობის ბაზრის წინაშე არსებული გამოწვევები უპრეცედენტო მასშტაბისაა: „ნავთობის ბაზარი გლობალურია და, შესაბამისად, მნიშვნელოვან გამოწვევებზე რეაგირებაც გლობალური უნდა იყოს“. სააგენტოს ხელმძღვანელს კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია, თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა თავისი რეზერვებიდან ნავთობს ორშაბათს გამოათავისუფლებს.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ამ კვირის დასაწყისში ნავთობის ფასები ბარელზე თითქმის $120-მდე გაიზარდა. IEA-ს განცხადების შემდეგ კი ფასები ოდნავ დაეცა: აშშ-ის საორიენტაციო ინდექსი, West Texas Intermediate-ი, დაახლოებით $86.26-ად ივაჭრებოდა, Brent Crude-ი კი ოთხშაბათ დილის მდგომარეობით $90-ის ფარგლებში მერყეობდა.
მიუხედავად ამისა, ჰორმუზის სრუტე, რომელზეც ნავთობის გლობალური მიწოდების დაახლოებით 20% მოდის, მიმდინარე კონფლიქტის გამო ფაქტობრივად ბლოკირებულია. ირანი, რომელიც ახლა უკვე „უწყვეტი დარტყმების“ სერიით იმუქრება, აშშ-ს მზადყოფნისკენ მოუწოდებს, რადგან ნავთობის ფასი ბარელზე, მისი გათვლებით, $200-მდე გაიზრდება.
ცნობისთვის, IEA-ს წევრ ქვეყნებს საგანგებო მარაგებში 1.2 ტრილიონი ბარელი საჯაროდ ხელმისაწვდომი ნავთობი აქვთ, დამატებით 600 მილიონი ბარელი ნავთობი კი მთავრობათა მანდატის ქვეშ ინახება. IEA-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ნავთობის იმპორტიორები არიან, ვალდებულნი არიან, საგანგებო რეზერვებში მინიმუმ 90 დღის სამყოფი ნავთობის მარაგი შეინახონ, თუმცა რეზერვებში არსებული ნავთობის დღიური გამოშვება ადგილობრივი ინფრასტრუქტურითაა შეზღუდული.
















