ფოტო: Kevin Dietsch/Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მეორე ვადა, ჯერჯერობით, საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდა. გამოცემა Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების განახლებულ რეიტინგში, რომელიც 2026 წლის პირველი მარტის მდგომარეობით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, პრეზიდენტი ტრამპი $6.5 მილიარდი დოლარის ქონებითაა წარმოდგენილი – $1.4 მილიარდით მეტით გასულ წელთან შედარებით. შედეგად, ტრამპმა პლანეტის 3 428 მილიარდერს შორის მე-700 პოზიციიდან 645-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ამ პერიოდში ტრამპის ქონების ზრდა, დიდწილად, კრიპტოვალუტის გარიგებებზე მოდიოდა. კერძოდ, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ World Liberty Financial-ის მიერ გამოშვებული კრიპტოტოკენების გაყიდვიდან ტრამპმა, სავარაუდოდ, $550 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. კრიპტოპლატფორმა, რომელშიც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი მნიშვნელოვან წილს ფლობდა, 2024 წლის ოქტომბერში გაეშვა. მოგვიანებით, ტრამპის ოჯახმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა კომპანიაში 49%-იანი წილი Aryam Investment-ს მიჰყიდეს. ეს უკანასკნელი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლისა და სამეფო ოჯახის წევრის, შეიხ ტაჰნუნ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის საკუთრებაშია. Forbes-ის შეფასებით, ამ გარიგებამ ტრამპს დამატებით $200 მილიონი დოლარი მოუტანა.
გარდა ამისა, ტრამპი მილიონობით კრიპტოტოკენს ფლობს, როგორც World Liberty Financial-ის ($WLFI), ისე მისი მემეკოინის, $TRUMP-ის სახით. გამომდინარე იქიდან, რომ $WLFI დაბლოკილია და მისით ვაჭრობა შეზღუდული, ამერიკული Forbes-ი აღნიშნულ ტოკენებს შედარებით დაბალი ღირებულებით აფასებს. ამ შეფასების მიუხედავადაც, ორივე ტიპის ტოკენი პრეზიდენტისთვის ჯამში თითქმის $570 მილიონის ქონებაა. ამას ემატება World Liberty Financial-ში დარჩენილი 38%-იანი წილის ღირებულება, რაც, Forbes-ის დათვლით, დაახლოებით $240 მილიონ დოლარს შეადგენს.
ტრამპისთვის სოლიდური შეღავათი გამოდგა გასული წლის აგვისტოში ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებული $500 მილიონის ჯარიმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს თაღლითობის საქმეზე ჰქონდა დაკისრებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ტრამპის ბრალეულობა დადგინდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკისრებული ჯარიმის ზომა გადაჭარბებული იყო.
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრამპის საკუთრებაში არსებული სხვა აქტივების ღირებულებაც. ეს მოიცავს Mar-a-Lago-ს, მის გოლფის კერძო კლუბს პალმ-ბიჩში, რომელიც ტრამპმა 1985 წელს დაახლოებით $10 მილიონად შეიძინა. აღნიშნული ქონების ღირებულებას ამერიკული Forbes-ი ამჟამად $560 მილიონად აფასებს, რაც გასული წლის $370 მილიონთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. ხოლო დაახლოებით ექვს შტატში ტრამპის საკუთრებაში არსებული 10 გოლფის მოედნის ღირებულებაც $340 მილიონიდან $550 მილიონამდეა გაზრდილი.
აშშ-ის პრეზიდენტი ბევრად უფრო მდიდარიც იქნებოდა, რომ არა კრიპტოვალუტის ფასებისა და Truth Social-ის მფლობელი კომპანიის, Trump Media and Technology Group-ის აქციების ღირებულების ბოლოდროინდელი ვარდნა. ტრამპის ქონებამ ბოლო ერთ წელიწადში რეკორდულ ნიშნულს, $7.3 მილიარდს, სექტემბერში მიაღწია. თუმცა იმავე თვეში World Liberty Financial-ის $15 მილიონზე მეტი ტოკენის ღირებულება 64%-ზე მეტით დაეცა. გამოცემა Forbes-ი, ლიკვიდურობისა და შედარებით დაბალი ღირებულების გათვალისწინებით, ტრამპის ტოკენებს $175 მილიონად აფასებს.
პარალელურად, გასულ თვეში Trump Media and Technology-ის აქციების ღირებულება ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რის შედეგადაც კომპანიაში ტრამპის წილის ღირებულება $1.2 მილიარდამდე შემცირდა. შედარებისთვის, გასულ წელს ფირმაში ტრამპის წილი $2.6 მილიარდის ღირებულებით იყო შეფასებული.
















